სატურნის თანამგზავრ ენცელადზე ახალი კომპლექსური ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს

სატურნის თანამგზავრ ენცელადზე ახალი კომპლექსური ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს
NASA-ს ხომალდ „კასინის“ მიერ დაახლოებით 20 წლის წინ შეგროვებული მონაცემების ახალი მიმოხილვის შედეგად, სატურნის ყინულოვან მთვარე ენცელადზე ახალი, კომპლექსური ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს. ეს კი მიუთითებს, რომ მისი მალული, ზედაპირქვეშა ოკეანის სიღრმეში საკმაოდ საინტერესო ქიმიური პროცესები მიმდინარეობს.
ენცელადის ყინულის გარსში არსებული ნაპრალებიდან ამოფრქვეულ წყლის ჭავლებში, მეცნიერებმა დიდი ოდენობით ორგანული მოლეკულა დააფიქსირეს, მათ შორის რამდენიმე ამ კონტექსტში პირველად. მკვლევართა ჯგუფს შტუტგარტის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი ნოზაირ ხავაჯა ხელმძღვანელობდა.
ეს კვლევა წარმოადგენს ახლად ამოფრქვეულ ჭავლებში შემავალი მარცვლების პირველ დეტალურ ანალიზს და არა სატურნის E-რგოლში არსებული ძველი, ამინდის მიერ გაცვეთილი მარცვლებისა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლეკულების წარმომქმნელი პროცესები არაბიოლოგიური, ანუ აბიოტურია, მრავალი მათგანი გადამწყვეტია ბიოლოგიური პროცესებისთვის ან ასრულებს სიცოცხლის პრეკურსორის როლს.
„კასინის მონაცემებში აღმოჩენილი ორგანული მოლეკულებიდან ბევრი შესაძლო გზა არსებობს პოტენციურად ბიოლოგიურად რელევანტურ ნაერთებამდე, რაც აძლიერებს იმის ალბათობას, რომ ენცელადი სიცოცხლისთვის ხელსაყრელია“, — ამბობს ხავაჯა.
კიდევ უფრო დამაინტრიგებელი ისაა, რომ დაფიქსირებული მოლეკულები მიუთითებს გარემოზე, რომელიც ჰგავს დედამიწის ზოგიერთ ისეთ ადგილს, სადაც ვიცით, რომ სიცოცხლეა — ოკეანის სიღრმეებში მდებარე ჰიდროთერმულ სისტემებს. დედამიწაზე ჰიდროთერმული ღრმულები ამავე კლასის მრავალ ორგანულ მასალას წარმოქმნის; ახალი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ენცელადზე დღეს შეიძლება აქტიური იყოს ზღვის ფსკერის ასეთივე ქიმია.
ენცელადი ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ადგილია მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად. ცნობილია, რომ კილომეტრობით სისქის მისი ყინულის ქერქის ქვეშ თხევადი წყლის ვრცელი ოკეანეა; სატურნის სისტემაში გაგზავნილმა ზონდმა კასინიმ ამ ყინულებიდან ამოფრქვეული ორთქლისა და ყინულის ჭავლებში მრავალჯერ გაიფრინა.
ამას გარდა, ენცელადზე მოქმედებს სატურნის სისტემაში არსებული კომპლექსური გრავიტაციული მოქაჩვები, რაც მის ბირთვს ისე კუმშავს და შლის, რომ ამ დროს მნიშვნელოვანი რაოდენობის სითბო გამომუშავდება.
ვინაიდან სატურნი მზისგან ძლიერ შორსაა და სიცივეში, სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმა იქ ფოტოსინთეზით შეიძლება ვერ გადარჩეს. თუმცა, დედამიწის ოკეანეების სიღრმეში, სადაც მზის სინათლე ვერასოდეს აღწევს, ეკოსისტემები ყვავის მწველად ცხელი ვულკანური ღრმულების გარშემო, საიდანაც მიმდებარე წყალში იფრქვევა სიცოცხლის მხარდამჭერი ქიმიური ნივთიერებები.
კასინიმ ნიმუშები აიღო ენცელადიდან ამოფრქვეული იმ მასალებისა, რომლებიც სატურნის E-რგოლს წარმოქმნის და ძირითადად შედგება ყინულის ციცქნა ნაწილაკებისგან; ამ მასალებში ორგანული მოლეკულები ადრეც აღმოაჩინეს. 2005-2015 წლებში პირდაპირ ამ ჭავლებიდან აღებული ნიმუშები მიუთითებდა ენცელადის ოკეანის მომაჯადოებელ ქიმიურ შემადგენლობაზე.
ვრცლად პირველ არხზე