სატრანსპორტო სტრატეგიის მიხედვით, საზოგადოებრივი სივრცე თანაბრად გადანაწილებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ფეხით მოსიარულეზე და კერძო ავტომობილებზე – გიორგი ტყემალაძე
თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძე დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, მულტიმოდალური დიზაინით ქუჩების მოწყობით, ქალაქი სატრანსპორტო სისტემაში სასურველ შედეგს მიაღწევს.
„მულტიმოდალური ქუჩის დიზაინი ის პრინციპია, რითაც მრავალი წელია ქუჩების და გამზირების რეაბილიტაციას ვახორციელებთ. ის ითვალისწინებს, რომ საზოგადოებრივი სივრცე თანაბრად გადანაწილდეს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ისე ქვეითისთვის და კერძო ავტომობილისთვის. ამ პრინციპით მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მულტიმოდალური დიზაინის პრინციპით დაგეგმარებულია 18 ქუჩა: აკაკი წერეთლის გამზირი ქეთევან დედოფლის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, ზურაბ ჟვანიას მოედანი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი, წყნეთის გზატკეცილი, უნივერსიტეტის ქუჩა, მიხეილ თამარაშვილის გამზირი, ყაზბეგის გამზირი, გმირთა მოედანი, 26 მაისის მოედანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა; მულტიმოდალური ქუჩის დიზაინის ფარგლებში, დაიხაზა ავტობუსის 81 კმ-იანი განცალკევებული ზოლი და ველოსიპედის 40 კილომენტრამდე ზოლი
ვიცე-მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დედაქალაქში „ჭკვიანი“ შუქნიშნების (ITS) პროექტი მიმდინარეობს.
„ჭკვიანი“ შუქნიშნების (ITS) პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პირდაპირ რეჟიმში ვაკონტროლოთ ნაკადები. ეს ხელს უწყობს ნაკადების სწორ მართვას. ქალაქში, ახალ სატრანსპორტო კვანძებზე, აღნიშნული შუქნიშნების შედეგად, ნაკადების სწორ გამტარიანობას ვხედავთ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ გმირთა მოედანზე, თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის დამაკავშირებელ კვანძზე უკვე დამონტაჟებულია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული შუქნიშანი.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს
