სასწრაფოდ არის გამოსავალი მოსაძებნი, ეს არ ეხება მხოლოდ ტურიზმის სფეროს, ლარის გაუფასურების და ინფლაციის დიდი შანსია – შოთა ბურჯანაძე

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ კომერსანტის ეთერში იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ე.წ რუსული კანონის მიღების შემდეგ დადგება ქვეყანას. მისი თქმით, , პრობლემა გლობალურია და ის მხოლოდ ტურიზმს არ ეხება. რიგორც მან აღნიშნა ტურიზმში პრობლემა უკვე თვალნათლივ ჩანს, რადგან როდესაც 500-მდე სასტუმროს დატვირთულობა უნდა იყოს მინიმუმ 80%, არის 10%.
„ეს ყველაფერი შეიძლება ჯერ ბანკებს არ დაეტყოს, რადგან ადამიანებს ვისაც საბანკო ვალდებულებები აქვთ, 1-2 თვე კრედიტების გადახდას ახერხებენ, მაგრამ შემდეგ როდესაც ლარი გაუფასურდება, პრობლემები ბანკებზეც გადავა და ასე მთლიანად მთელ სისტემას მოეფინება.
ამიტომ სასწრაფოდ არის გამოსავალი მოსაძებნი. ეს არ ეხება მხოლოდ ტურიზმის სფეროს, ლარის გაუფასურების და ინფლაციის დიდი შანსია, შემდეგ ეს გადადის დისტიბურციაზეც და საქონლის უცხოეთიდან შემოტანის პრობლემებიც ჩნდება და შესაბამისად ხდება გაძვირება. პროდუქტი ერთ დღეში არ გაძვირდება, იმიტომ რომ მარაგები არსებობს, მაგრამ როდესაც მარაგების შევსებას დაიწყებენ და ამ პროდუქტებს გაძვირებული ფასით შეიძენენ დარჩენილი მარაგებიც გაძვირდება, იმიტომ რომ ადამიანს მომავალი აშინებს და არ იცის როგორ გაგრძელდება პროცესი.
ჩვენ ძალიან ცუდად გავიარეთ კოვიდის პერიოდი, ამ ყველაფრის დიდი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ როდესაც ამას ძალით იქმნი, როგორ შეიძლება არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე ვისაუბროთ?“ – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.