ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიან ექსპორტში დაახლოებით 67%-ია. მეორე ადგილზე იყო პოლონეთი – 16,9 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე უკრაინა – 12,4 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე ყაზახეთი – 10,6 მლნ აშშ დოლარით, მეხუთეზე კი ჩინეთი – 9,2 მლნ აშშ დოლარით.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტში მიმდინარე წლის ორი თვის მაჩვენებლის თანახმად, კლება შეინიშნება. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან რუსეთში 29.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 9,594 ტონა ღვინო გავიდა, რაც წლიურად 38.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. თუმცა, რუსეთი ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის მაინც რჩება ნომერ პირველ საექსპორტო ბაზრად.
როგორ შეიძლება ჩანაცვლდეს რუსეთი? – ამ კითხვას გადაცემა „საქმიან დილაში” მარიამ ქოიავას საავტორო რუბრიკაში „ბიზნესი 360 გრადუსით” “შუხმან ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა უპასუხა. როგორც აბრამიშვილმა თქვა, სასურველი და სწორი იქნება, თუ რუსეთის ბაზრის წილი 10%-მდე შემცირდება. ამისთვის კი, საჭიროა ბაზრების დივერსიფიცირება. მისივე თქმით, რუსეთის ბაზარი ქართველი მწარმოებლებისთვის მარტივი ბაზარია, ვინაიდან იქ საქართველო და ქართული პროდუქტები ოდითგანვე ცნობილია, ამიტომაც არცაა გასაკვირი, რომ ამ ბაზარზე ღვინის ქართველი მწარმოებელი ყველაზე მსხვილადაა წარმოდგენილი.
“დივერსიფიცირების კუთხით დიდი ჩამორჩენაა, რამაც სავალალო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს თუ სხვადასხვა გარე ფაქტორების შედეგად ზიანი იქნება, რასაც რასაკვირველია სექტორი ვერ გაუძლებს, ეს ძალიან სარისკოა. თუმცა, შესაძლებელია [რუსეთის] იმ ქვეყნებით ჩანაცვლება, როგორიცაა მაგალითად ინდოეთი. ინდოეთის ბაზარი ახლა არის ოცნების სფერო, მაგრამ ამ ქვეყანასთან ჩვენ დაწყებული გვაქვს სხვადასხვა სახის სავაჭრო მიმართულებებზე მუშაობა და ნომერ პირველი, რაც დააჩქარებს პროცესს, იქნება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რასაც არ ვიცი, რა პერიოდში შეიძლება ველოდოთ.
რა ნიშნულზე უნდა დავიდეთ რუსულ ბაზარზე? ალბათ სწორი და სასურველი იქნება, დივერსიფიკაციის ფარგლებში 10%-მდე რომ მოდიოდეს რუსეთზე ღვინის ექსპორტი. თუმცა ამას სჭირდება მუშაობა, ეს არის გრძელვადიანი პროცესი და რაც მთავარია, მიღწევადია“, – აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა.
