სასტუმრო „Holiday Inn თელავი“ დროებით დაიხურა.
როგორც BMG-ის სასტუმროს დამფუძნებელმა შალვა ერისთავმა განუცხადა, ერთ-ერთი მიზეზი ამ სეზონზე სასტუმროს დაბალი დატვირთვულობა იყო.
„Holiday Inn თელავი“ სტუმრების მიღებას აპრილიდან განაახლებს. სასტუმროს ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ „Holiday Inn თელავი“ დროებით იხურება ტექნიკური-სარემონტო სამუშაოების გამო“.
როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, კახეთის არაერთი სასტუმრო დროებით დახურვის არჩევანის წინაშე დგას, რადგან ტურისტების გეოგრაფიის შეცვლა კახეთზე ნეგატიურად აისახა.
„კახეთი შაბათ-კვირის ტურიზმის“ რეგიონად იქცა“, – თქვა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა, რომელიც 2025 წელს, ჯამურად, დადებითად აფასებს, მაგრამ ამბობს, რომ „კახეთის რეგიონისთვის ნეგატიური წელი იყო“.
„სამწუხაროდ, კახეთში, ერთადერთი ბრენდული სასტუმრო „Holiday Inn თელავი“ დროებით დაიხურა. რამდენიმე სასტუმროც დაკეტვის პირას არის… [მფლობელებმა] გადაწყვიტეს, 3-4 თვე დახურონ და ამ გზით ხარჯები შეიმცირონ. აპრილის მეორე ნახევრიდან კი, ისევ ხელახლა გახსნას აპირებენ, რაც ძალიან რთულია, რადგან პერსონალის აყვანა და ყველა პროცესი თავიდან არის გასავლელი“, – აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.




