სასტუმრო AIRHOTEL, კაზინო და აუზი – ახალი დეტალები თამაზ გაიაშვილის სასტუმროს პროექტზე

თბილისში, ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში თითქმის 15 წელია ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილს სასტუმროს გახსნა სურს, თუმცა პროექტის განხორციელება სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ გადაიდო. როგორც ბიზნესმენი „კომერსანტთან“ ამბობდა, ბიუროკრატიული პრობლემების და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ირგვლივ სხვადასხვა საკითხების შეთანხმების გარდა, სასტუმროს გახსნა პანდემიამაც შეაფერხა.
არქიტექტურის ვებგვერდზე არსებული ახალი მონაცემებით, „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის ს მფლობელობაში მყოფმა კომპანია „მარილი 2020“-მა კულტურული მემკვიდრეობის (ყოფ. კავშირგაბმულობის სახლის) უკან მდებარე ხუთსართულიანი შენობის დემონტაჟი უკვე დაასრულა და რამდენიმე დღის წინ ახალი პროექტიც შეათანხმა.
ახალი პროექტის მიხედვით, რუსთაველის 12-ში 3493 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე, 11 სართულიანი (3 სართული მიწისქვეშ), 201 ნომრიანი სასტუმროს აშენება იგეგმება, რომლის საინვესტიციო ღირებულება, ბოლო ინფორმაციით 80 მლნ დოლარია.
ესკიზის განმარტებით ბარათში კი ვკითხულობთ, რომ შენობაში სასტუმროს გარდა განთავსდება კაზინო, კაფე-ბარი და აუზი.
„რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით შენარჩუნდება არსებული პორტალის (რუსთაველის მხრიდან შესასვლელი) ფრაგმენტი და აღდგება შენობის ისტორიული სახე რაც ითვალისწინებს ლესია უკრაინკის მხარეს მიშენებას. მთლიანობაში შენობა შეკრავს კვარდატულ ფორმას ხოლო შუაგულში წრიული ფორმის ეზო მოეწყობა.
საპროექტო ტერიტორიის ფართობი შეადგენს 3493 კვ.მ-ს და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე წარმოადგენს მკვეთრ ქანობიანი რელიეფის მქონე მიწის ნაკვეთს. ტერიტორიის მაქსიმალურ და მინიმალურ დონეებს შორის სხვაობა შეადგენს საშუალოდ 6.5 მეტრს. საპროექტო (რეკონსტრუქციის) დოკუმენტაციის მიხედვით შენობა წარმოადგენს 11 სართულიან ნაგებობას, რომელიც რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე შედგება 8 მიწის ზედა და 3 მიწისქვეშა სართულებისგან.
მიწისქვეშა სართულზე დაგეგმარებულია შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟი გათვლილი 32 ავტოსადგომ ადგილზე, ასევე მოწყობილია სასაწყობო ოთახები. საპროექტო შენობის -6.84 ნიშნულზე დაგეგმარებულია შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟი გათვლილი 30 ავტოსადგომ ადგილზე, ასევე მოწყობილია სასაწყობო ოთახები და საქვაბე.
შენობის -3.60 ნიშნულზე მდებარე მიწისქვეშა სართულზე მოეწყობა კაზინოს სივრცეები, კერძოდ: კაზინოს დარბაზი და ბარი, კაზინოს ადმინისტრაცია, საოფისე ოთახი და პერსონალის ოთახი, ასევე აღნიშნულ სართულზე დაგეგმარდება სასაწყობო ოთახები და სახანძრო ტუმბოს ოთახი.
საპროექტო შენობის მიწისპირა სართულზე (0.00 ნიშნული) განთავსდება საოფისე ოთახები და ინვენტარის სასაწყობო ოთახი, ასევე დაგეგმარდება სავაჭრო ფართობი დამხამრე საწყობით.
საპროექტო შენობის მიწისპირა სართულზე დაგეგმარებულია მიმღები და ლობი, რომელიც დაუკავშირდება შენობის მთავარ შესასვლელს ლესია უკრაინკის ქუჩის მხრიდან და დამატებით შესასვლელს რუსთაველის გამზირის მხრიდან.
საერთო ჯამში შენობაში განთავსდება 201 სასტუმროს ნომერი.
საპროექტო შენობის +26.10 ნიშნულზე დაგეგმარებულია კაფე, სამზარეულო და კაფის მომსახურე ტერასები, ასევე ფიტნეს დარბაზი და შენობის მომსახურე სასაწყობო-ტექნიკური დანიშნულების ოთახები, ხოლო შენობის სახურავზე (+28.44 ნიშნული) მოეწყობა დამატებითი ტერასა და საცურაო აუზი“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
პირველადი ინფორმაციით, რუსთაველის 12-ში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Four Seasons Hotel Georgia-ი უნდა გახსნილიყო, თუმცა, როგორც ახალი ესკიზიდან ირკვევა, სასტუმროს სახელწოდება AIRHOTEL იქნება.