ჭიათურაში მდებარე ღვინის მწარმოებელი კომპანია „სოლომონე“ სასტუმრო “ჭიათურელის”, სრული დატვირთვით, გახსნას მაისის ბოლოს გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით ჩაჩანიძე “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, სასტუმრო 1 თვეა, რაც სატესტო რეჟიმში მუშაობს.
“სასტუმროს შესახებ რეკლამა სოციალურ ქსელებში, მათ შორის, უცხოურ საიტებზე, ჯერჯერობით არ გაგვიკეთებია. ვგეგმავთ, რომ როდესაც სრული დატვირთვით დავიწყებთ მუშაობას მარკეტინგული კამპანია ამის შემდეგ დავიწყოთ. შესაბამისად, სატესტო რეჟიმით გახსნის შემდეგ ჩვენი სტუმრები მხოლოდ ქართველები იყვნენ. მოლოდინები რა თქმა უნდა, ოპტიმისტური მაქვს და ვფიქრობ, რომ 13 ნომრიანი სასტუმრო “ჭიათურელი” ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტისთვის. ტურისტული სივრცის საინვესტიციო ღირებულება 1.8 მლნ ლარამდეა”, – აცხადებს დავით ჩაჩანიძე.
რაც შეეხება ღვინის წარმოების მიმართულებას – როგორც მეღვინეობის დამფუძნებელი აღნიშნავს, ღვინის გაყიდვები სტაბილურია და გაყიდვების, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები, ფიქსირდება.
დავით ჩაჩანიძის ინფორმაციით, “სოლომონეს” ღვინოების 20% ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო დანარჩენი ექსპორტზე იყიდება. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს – ღვინო 5 ქვეყანაში იყიდება, მათ შორის, არის ინგლისი, ჩეხეთი და სხვა. აღნიშნულის გარდა, მეღვინეობა ამერიკის ბაზარზე გასვლას გეგმავს. დამფუძნებლის ცნობით, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და მეღვინეობა ამერიკიდან პასუხის მოლოდინშია.
ცნობისთვის, “სოლომონე” ჯამში 7 დასახელების ღვინოს აწარმოებს. 2023 წლის მდგომარეობით, წარმოებამ 20 ათასი ბოთლი შეადგინა. “სოლომონეს” მარანი ჭიათურაში, ლეჟუბანში მდებარეობს. ვენახები გაშენებულია 3 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული.
