თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მოქმედი სასტუმრო ,,შატო მერე“ ისევ იყიდება. სასტუმროს გასხვისებას კომპანია უკვე წლებია უშედეგოდ ცდილობს. დამფუძნებელი გია პირადაშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ სასტუმროს გაყიდვა ამ დრომდე კლიენტის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. კომპანია რეალტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. სასტუმროს გასაყიდი ფასი 5 მლნ დოლარია, თუმცა გია პირადაშვილი აცხადებს, რომ ეს საბოლოო ღირებულება არ არის და რეალური მყიდველის გამოჩენის შემთხვევაში ის მზადაა ფასი დააკლოს.
,,პანდემიიდან მოყოლებული ვცდილობ მის გაყიდვას. იმიტომ, რომ ამ სფეროში ჩვენ არ ვართ პროფესიონალები. ჩვენი მონდომებით და შრომით გავხდით ამ სფეროს წარმომადგენლები. მაგრამ, რომ გითხრათ ამაში ძალიან წარმატებულები ვართ მოგატყუებთ. ჩვენს საქმეს რასაც ვაკეთებთ, ეს არის ღვინო და ამას გავაგრძელებთ. რაც შეეხება სასტუმრო ბიზნესს ვეცდებით, რომ თავი გავანებოთ. მოლაპარაკებებს ჯერჯერობით ვაწარმოებთ მხოლოდ რეალტორებთან. მაგრამ იმდენად ცუდი პერიოდია ახლა თუნდაც გაყიდვისთვის, თუნდაც ინვესტორის მოპოვებისთვის, რომ არ ვიცით. რომ გითხრათ დიდი მოლოდინები გვაქვს არა. არ გვაქვს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონამდეა. ეს არის ის ღირებულება, რაც ეს კომპანია დაჯდა, რაც მის განვითარებას და სამშენებლო ნაწილს დასჭირდა. ეს არ არის ბოლო ფასი. შეიძლება ამასაც დავაკლო. მთავარია გამოჩნდეს რეალური მყიდველი.’’- აცხადებს გია პირადაშვილი.
ბიზნესმენი სასტუმროს გაყიდვის მიზეზად ტურიზმის სექტორში არსებულ რთულ ვითარებას და შექმნილ კრიზისს ასახელებს. გია პირადაშვილი მხოლოდ გასხვისების შესაძლებლობას არ განიხილავს და აცხადებს, რომ კარგი პარტნიორის პოვნის შემთხვევაში მზად არის სასტუმრო დაიტოვოს და ის მართვაში პარტნიორს გადასცეს.
,,ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ პერიოდში, როცა ყველაზე ღრმა ფაზაში შევიდა კრიზისი ინვესტირების მხრივ. ჩვენს ქვეყანაში დატრიალებული მოვლენები, სხვა ქვეყნებში დატრიალებული მოვლენები, პანდემიით დავიწყეთ და ომით მთავრდება. კარგად მოგეხსენებათ ტურიზმის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვეცდებით, რომ ეს ობიექტი გავასხვისოთ. როცა გავაკეთეთ ეს პროექტი, მაშინ პირველები ვიყავით და მაშინ ბევრად იოლი იყო. ძალიან წარმატებულები ვიყავით. წარმატებულები რომ არ ვყოფილიყავით 15 ოთახიდან არ ავიდოდით 65 ნომერზე. მერე გარემო პირობებმა იმოქმედა ძალიან. ფიზიკურად დავკარგე პარტნიორი, რომელიც გარდაიცვალა. ისე მოხდა, რომ მარტო ძალიან გამიჭირდა გაძღოლა და თუ კარგი პარტნიორი მეყოლება მასთანაც გავაგრძელებ ურთიერთობას. არ არის პანაცეა და არ არის აუცილებელი გაიყიდოს. შეიძლება პარტნიორი ვნახო ისეთი, ვინც კარგად გაუძღვება ამ საქმეს და მე გამომათავისუფლებს.’’- აცხადებს გია პირადაშვილი.
