სასტუმრო სექტორში სახელფასო ფონდი რეკორდულ მაჩვენებელზეა

2023 წლის სამ კვარტალში საშუალო დასაქმება სასტუმრო სექტორში შეადგენდა 14 315 ადამიანს, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის ავტორების ცნობით, სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის დაუბრუნდა ძველ ნიშნულს და 2019 წლის სამ კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებლის 96.8%-ს შეადგენს.
„სასტუმრო სექტორში დასაქმების დინამიკა HORECA-ში დაფიქსირებული საერთო დინამიკის მსგავსია. თუმცა, 2023 წლის სამ კვარტალში სასტუმრო სექტორში დასაქმების წლიური ზრდა ჩამორჩება HORECA სექტორში დასაქმების ზრდას (+9.1% წლიურად).
2023 წლის სამ კვარტალში სასტუმრო სექტორში საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 1 619 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის სამ კვარტალთან შედარებით 11.4%-ით გაზრდილი რიცხვია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მე-3 კვარტალში სასტუმრო სექტორში სახელფასო ფონდმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 26.6 მლნ ლარი შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით, საშუალო ხელფასები სასტუმრო სექტორში მუდმივად აღემატებოდა საშუალო ხელფასებს HORECA სექტორში.
2023 წლის სამ კვარტალში სასტუმრო სექტორში საშუალო ხელფასი 18.6%-ით აღემატებოდა მთლიანი სექტორის საშუალოს. თუმცა, დასაქმების მსგავსად, 2023 წლის სამ კვარტალში სასტუმროს სექტორში საშუალო ხელფასის ზრდა ჩამორჩება HORECA-ს სექტორში დაფიქსირებულ ზრდას (+18.6% წლიურად),“- აღნიშნულია კვლევაში.