ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე მდებარე სამვარსკვლავიანი სასტუმრო „ირე პალასი ბათუმი“ გაფართოების ეტაპზეა – სასტუმროს ტერასაზე კაფე-რესტორნის გახსნაა დაგეგმილი. ამის შესახებ სასტუმროს წარმომადგენელმა თორნიკე ერაძემ BM.GE-სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ტერასის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ სტუმრებს საშუალება ექნებათ ახალი სივრცით ისარგებლონ, რომელიც 150-მდე ადამიანს დაიტევს. საწყის ეტაპზე, კაფე 50-60 სტუმარს მოემსახურება, ხოლო სრული დატვირთვით ამუშავება დაახლოებით ერთ წელშია დაგეგმილი.
“კაფეს გახსნა ჩვენი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი იდეა იყო – გვინდოდა, სასტუმროს თავზე თანამედროვე და მიმზიდველი სივრცე შეგვექმნა. კაფე დატვირთული იქნება ქართული სამზარეულოთი, თუმცა სტუმრებს ევროპული კერძების დაგემოვნებაც შეეძლებათ“, – აცხადებს ერაძე.
საწყის ეტაპზე ახალი სივრცის ამუშავებისას 10-დან 12-მდე ადამიანი დასაქმდება.
სასტუმრო “ირე პალასი ბათუმი” ქალაქის შუაგულში, ბათუმის მერიის წინ მდებარეობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში ამ ეტაპზე მხოლოდ განთავსებისა და კვების სერვისებია ხელმისაწვდომი, კაფე-რესტორნის დამატება გააუმჯობესებს სტუმართა გამოცდილებას და გაზრდის კონკურენტუნარიანობას ბათუმის ბაზარზე.
სასტუმრო ზაფხულში თითქმის ყოველთვის 100%-ით დატვირთულია, აქვს 42 ნომერი და ვიზიტორების უმრავლესობას უცხოელი ტურისტები შეადგენენ.
„ქართველი სტუმრები ნაკლებად გვყავს. ძირითადად გვსტუმრობენ ყაზახეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. არაბული და ამერიკული ბაზარი ამ ეტაპზე შედარებით პასიურია“, – ამბობს თორნიკე ერაძე.
რაც შეეხება ფასებს, მინიმალური ტარიფი ზაფხულის სეზონზე სტანდარტულ ნომერზე 160-180 ლარს შეადგენს, ხოლო საოჯახო, ორ ოთახიანი ნომრების ღირებულება 400 ლარამდე აღწევს.
