„მიმდინარე წელს, „აგრაში“ სტუმრების მხოლოდ 5%-ს შეადგენდნენ ქართველები, დანარჩენი – უცხოელები იყვნენ, ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აქტიური იყო აღმოსავლეთ ევროპა და ისრაელი“, – ამის შესახებ, უშგულში, საოჯახო სასტუმრო „აგრას“ ხელმძღვანელმა მინდია ჩარქსელიანმა „კომერსანტთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე სეზონი ცუდი არ იყო, დატვირთულობაც ჰქონდათ, ოთახებს უცხოელი სტუმრები Booking-ით და Airbnb-ით ჯავშნიდნენ.
„აგრა“ უშგულში 2019 წელს კერძო ინვესტიციით გაიხსნა. როგორც მინდია ჩარქსელიანი ამბობს, უშგულში საოჯახო სასტუმროს მოწყობა 40 000 ლარი დაჯდა. წელს „აწარმოე საქართველოში“ გრანტი მიიღეს და 2024 წლის სეზონისთვის გაფართოებას გეგმავენ.
„ბაბუაჩემის დანგრევის პირას მისული სახლის რეაბილიტაცია 2018 წელს დავიწყეთ. თავიდან, დაახლოებით, 40 000 ლარი ჩავდეთ. 2019 წლის აგვისტოში გავიხსენით და იმავე სეზონიდან დაიწყო პანდემია. 2 წელი ვერ ვიმუშავეთ. 2021 წელს რაღაც პერიოდში შეზღუდვების რომ მოიხსნა, გავიხსენით. 2022 წლიდან კი სრულფასოვნად დავიწყეთ ფუნქციონირება. იმის შემდეგ, ყოველწლიურად რეფინანსირებასაც ვაკეთებთ. შარშან კაფე დავამატეთ, წელს „აწარმოე საქართველოში“ 30 000 ლარიანი გრანტი მივიღეთ და მომავალი წლიდან სასტუმროს 4 ნომერი დაემატება“, – ამბობს მინდია ჩარქსელიანი.
მისი თქმით, წელს სასტუმროში ფასები არ გაუზრდიათ. ოთახის ღირებულება, კვების გარეშე, 100-120 ლარია.
„ფასები არ გაგვიზრდია. წელს „აწარმოე საქართველოში“ გრანტი – 30 000 ლარი მივიღეთ და მომავალი წლის ივლისიდან 4 ნომრის მიმატებას ვგეგმავთ, სულ 16 ადამიანზე გათვლილი 6 ნომერი გვექნება. წლევანდელი სეზონი ცუდი არ იყო, სტუმრები ძირითადად უცხოელები იყვნენ, ძირითადად Booking-ით და Airbnb-ით ჯავშნიდნენ. მხოლოდ 5% თუ იქნებოდა ქართველები, 95% უცხოელი გვყავდა, ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აქტიური აღმოსავლეთ ევროპა და ისრაელი იყო“, – ამბობს მინდია ჩარქსელიანი.
ჯერჯერობით „აგრა“ სეზონურად, წელიწადში 6 თვე მუშაობს, თუმცა, როგორც სასტუმროს მეპატრონე ამბობს, სამომავლოდ სურთ, რომ გამართულად მუშაობა და სტუმრების მიღება ოთხივე სეზონზე შეძლონ.