ინვესტორები მომდევნო მინიმუმ 5 წლის განმავლობაში ტექნოლოგიურ, სპა, სარელაქსაციო, სამედიცინო და გასტრონომიულ მიმართულებებსა და ბიზნეს ტურიზმზე გააკეთებენ აქცენტს, – ამის შესახებ სასტუმროების განვითარების კომპანია Radar-ის წარმომადგენელმა, მაია მახათაძემ BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ტენდენციის გააქტიურება საერთაშორისო მოგზაურების მოთხოვნამ განაპირობა – ვიზიტორები კონკრეტული აქტივობის გარდა, დამატებით გამოცდილებებსა და მრავალფეროვან მომსახურებას ეძებენ.
„როგორც სასტუმროების მრავალფეროვნება არსებობს, ისე გამოიყო ტენდენცია, რომ გუდაურში ან ბაკურიანში ჩამოსული ტურისტი დღეს მხოლოდ სათხილამუროდ აღარ მოდის. მოთხოვნა მაღალია ესთეტიკური მედიცინის, სპა და ველნეს სერვისებზე, ასევე გასტრონომიულ მიმართულებაზე. ეს ქმნის ინვესტორის მოტივაციას, რომ ობიექტი მხოლოდ განთავსებაზე არ ააგოს, არამედ დამატებითი სარგებელი შესთავაზოს სტუმარს“, – აღნიშნა მახათაძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოს გასტროტურიზმის განვითარება 2015 წლის შემდეგ შეინიშნება, ხოლო დღეს განსაკუთრებულად იზრდება გამაჯანსაღებელი, სამედიცინო და დასასვენებელი ტურიზმის სეგმენტი, რაც ქვეყანას დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს აძლევს.
„ეს აღარ არის მხოლოდ განთავსების ობიექტი – ეს არის მრავალფეროვანი სივრცე, რომელიც მოგზაურის თითქმის ყველა საჭიროებას პასუხობს. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ინვესტორების მთავარი აქცენტი სწორედ ტექნოლოგიურ განვითარებასა და დამატებით სერვისებზე გაკეთდება“, – დასძინა მან.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონურ ტენდენციებს, მახათაძის თქმით, ზაფხულში ამინდის პირობებმა ზღვისპირეთში სეზონი მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა: „ახლა ზამთრის კურორტები მზადებას ასრულებენ და პირველი თოვლიც უკვე მოვიდა. საინტერესოა, რამდენად გახანგრძლივდება ზამთრის სეზონი, რადგან შემოდგომამ უკვე მიიღო გრძელვადიანი სეზონის სახე, რაც მთლიანად ტურიზმის ინდუსტრიას სასიკეთოდ მოქმედებს“, – აღნიშნა Radar-ის წარმომადგენელმა.




