PMCG-ს კვლევის მიხედვით, 2023 წლის 3 კვარტალში სასტუმრო სექტორში საშუალო დასაქმება, 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 5.7%-ითაა გაზრდილი და სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის დაუბრუნდა პანდემიამდელ, 2019 წლის 3 კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს.
როგორც „კომერსანტთან“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, ეს მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ სექტორი პანდემიის შემდეგ მთლიანად გამოჯანმრთელდა. მისი თქმით, მიმდინარე წელს სასტუმროების GOP-ი (Gross Operating Profit) – სასტუმროების მოგების კოეფიციენტი, 15%-ით ნაკლებია შარშანდელთან შედარებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასტუმროს სექტორის შემოსავალია შემცირებული და არც მაჩვენებელია კატასტროფული.
„სასტუმროების სექტორში დასაქმებულების რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია ობიექტების რაოდენობის ზრდასთან და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ, ამ ეტაპისთვის შემოსულ ტურისტებზე დაყრდნობით, თბილისში 10 000-ზე მეტი სასტუმროს ნომერი და ოთახია, ვიდრე რეალურად ამ წუთში დედაქალაქს სჭირდება. მოთხოვნა არ არის გაზრდილი. იმაზე მეტი სასტუმრო და ოთახი გვაქვს, ვიდრე ამ ეტაპზეა საჭირო. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს მონაცემები შეიცვლება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაგვეხმარება, რომ ქვეყანაში ევროპელი სტუმრები მოვიზიდოთ და უფრო სანდო და სასურველი გახდება მათთვის საქართველოში წამოსვლა“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
PMCG-ს კვლევის მიხედვით, 2023 წლის 3 კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, სასტუმრო სექტორში საშუალო თვიური ანაზღაურება 11.4%-ითაა გაზრდილი და სექტორში სახელფასო ფონდმა რეკორდულ მაჩვენებელს 26.6 მლნ ლარს მიაღწია.
შალვა ალავერდაშვილის განმარტებით სექტორში ხელფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა – ობიექტების რაოდენობის ზრდა, ინფლაცია და, ზოგადად, ქვეყანაში სამუშაო ძალის ნაკლებობა.