ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში ვადაგადაცილებული სესხები მზარდია. 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ამ სექტორში 135 მილიონი ლარის კრედიტები არის ვადაგადაცილებული, რაც პორტფელის 4.4%-ია. შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის ვადაგადაცილება 83 მლნ ლარის კრედიტებს, ანუ მთლიანი პორტფელის 2.8%-ს შეადგენდა.
ამასთან, ეს სექტორი დაკრედიტების დაბალი ზრდით გამოირჩევა და ის თითქმის სამი წელია უცვლელად 3 მილიარდ ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც მთლიანად საბანკო დაკრედიტება წელს 14%-ით გაიზარდა. უფრო დეტალურად, 2023 წლის ბოლოს სექტორის დაკრედიტება 2.96 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2024 წლის ბოლოს 2.98 მილიარდ ლარს, 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით კი ის 3.06 მილიარდი ლარი იყო.
სავარაუდოდ, ამ სექტორში ჭარბი მიწოდების რისკიდან და გაზრდილი ვადაგადაცილებიდან გამომდინარე, კომერციულმა ბანკებმა აქტიური დაკრედიტება შეამცირეს.




