“სასტუმროების გაზრდის გამო, მოაკლდათ ტურისტებიო… 3 სვეტიცხოველი არ აშენებულა, მაგრამ”… – მოსაზრება

კომპანია „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, ვარაუდობს, რომ ტურიზმისთვის გაზაფხულიც “მძიმე იქნება“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“ ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ „იაგოს ღვინო“ უკვე 15 წელია ღვინის ტურიზმში საქმიანობს და მეღვინე ჰყვება, რომ სექტორში პანდემიამდე ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო.
„წერტილთან“ ინტერვიუში იაგო ბიტარიშვილი მთავრობის ტურიზმის გუნდის წარმომადგენლების იმ შეფასებებსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ტურიზმი ციფრებია და მეტი არაფერი“ და ასევე, “საქართველოს ტურისტი კი არ დააკლდა, სასტუმრო ოთახების მიწოდება გაიზარდა”.
„ექსპერტად შეიძლება ვერ გამოვდგები, მაგრამ ვიცი, რა ხდება ღვინის ტურიზმში და ზოგადად, ტურიზმში და დინამიკას ვგრძნობთ. ვიცი, რა ხდება ჩვენი ღვინის მარანში; ვიცი, რა ხდება სხვა მარნებში, ასევე ტურისტულ სააგენტოებს რა მდგომარეობა აქვთ; რა ხდება გიდებთან და მძღოლებთან და ა შ. სხვა თუ არაფერი, ქუჩაში მაინც დავდივართ…
დიახ, ვეთანხმები [მარიამ ქვრივიშვილს], რომ ტურიზმი შეიძლება იყოს ციფრები, მაგრამ რომ ამბობენ, სასტუმროების რაოდენობა გაიზარდა და ამიტომ მოაკლდა ვიღაცებს ტურისტებიო… რა ვიცი, სამი სვეტიცხოველი არ აშენებულა, მაგრამ ვხედავ, რომ იქ [მცხეთაში] ისეთი ნაკადი არაა ტურისტების, როგორც covid-პანდემიამდე იყო; ასევე, ძველ თბილისში ყველა დავდივართ და ვხედავთ…“, – განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა.
„იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელმა ინტერვიუში პანდემიამდელი ტურიზმი გაიხსენა და თქვა, რომ covid-მდე ორჯერ დახურეს მარანი დროებით, რადგან ტურისტების ნაკადის გამო გაფართოება და თანამშრომლების დამატება დასჭირდათ.
„ერთხელ ერთი თვით დავიკეტეთ, მეორედ – მთელი სამი თვით, იმხელა მოწოლა იყო ტურისტების ნაკადის… ბოლო ორი წელია, ფაქტობრივად, თანამშრომელი არ გვყავს, რადგან იმდენად შემცირდა ვიზიტორების ნაკადი, არ გვჭირდება. გასაგებია, რომ შეიძლება, ჩემთან შემცირდა, მაგრამ ჩვენ ხომ სხვაგანაც დავდივართ და ვხედავთ, რა სიტუაციაა“, – ამბობს მეღვინე.
იაგო ბიტარიშვილის ინფორმაციითვე, დასავლელი ტურისტების შემცირებული ნაკადი ნეგატიურად ისახება ქვეყანაში ღვინის ბარების საქმიანობაზე.
„ღვინის შიდა ბაზარი ავიღოთ – ვინ იყო მომხმარებელი? ძირითადად, დასავლელი ტურისტი, რომელიც covid-ის შემდეგ არ აღდგა. რა თქმა უნდა, ყველა ტურისტი მნიშვნელოვანია, მათ შორის აზიური ბაზრებიდან ჩამოსულები, მაგრამ ისინი არ სვამენ ღვინოს, შესაბამისად, თუ გადახედავთ [ბაზარს], ბევრი ღვინის ბარი უკვე იკეტება. ვინც მუშაობს, წაგებაზეა და მხოლოდ იმისთვის მუშაობს, რომ თანამშრომელი შეინარჩუნონ და არ დაიხურონ… მაინც აქვთ მომავლის იმედი, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი ვითარება გვავარაუდებინებს, გაზაფხულიც მძიმე იქნება ტურიზმისთვის, რადგან ტურისტები წინასწარ გეგმავენ მოგზაურობას“, – განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ტურიზმს, მათ შორის ღვინის ტურიზმის სჭირდება მეტი ტურისტი დასავლური ბაზრებიდან.