ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში, – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც მედიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
ჯაღმაიძის აზრით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეძლოს ყველა ზომის მიღება იმისათვის, რომ მოხდეს ფაქტის სწრაფი გამოძიება და მსგავსი შემთხვევის განმეორება მომავალში სრულიად გამოირიცხოს.
„უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებაში ურთიერთ სიძულვილის ენამ და დაუნდობელმა დაპირისპირებამ გადაფარა საღი აზრი და ერთობის გრძნობა. ეს საერთო პრობლემად უნდა აღიქმებოდეს და ერთად ვფიქრობდეთ ამის გამოსწორებაზე.
დღეს საღამოს ვიხილეთ ფიზიკური ანგარიშსწორების უმძიმესი კადრები, რომელმაც მთელი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
მრავალი ვერსია ისმის მომხდარის შესახებ, თუმცა საბოლოოდ, რაც არ უნდა გაირკვეს, ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში.
თავისი სიმძიმით, ეს ფაქტი სცილდება პოლიტიკური შეხედულებების მიმართ განსხვავებულობას, სრულიად აპოლიტიკური საზოგადოების შეშფოთებასაც იწვევს და ზოგადად აჩენს დაუცველობის განცდას.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეძლოს ყველა ზომის მიღება, იმისათვის რომ მოხდეს ფაქტის სწრაფი გამოძიება და სრულიად გამოირიცხოს მსგავსი შემთხვევის განმეორება მომავალში.
ვფიქრობ, ჩვენ, საზოგადოებას გვმართებს, მეტი მოთმინება ერთმანეთისადმი, თითოეულმა უნდა ვიზრუნოთ დაძაბულობის ჩაცხრობაზე, ნუ წავაქეზებთ ჩვენს შვილებს ერთმანეთის წინააღმდეგ. სიძულვილით ნათქვამი ყოველი სიტყვა, ჩვენს გარემოშივე ითესება და უკანვე გვიბრუნდება ამა თუ იმ სახით.
იესო ქრისტე გვასწავლის ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვას. ღვარძლს ნუ დავთესავთ, თორემ ამასვე მოვიმკით.
ჩემი თაობა შიშით ვუყურებთ წარსულს და გვახსოვს დედაქალაქში სამოქალაქო ომის დღეები, ოჯახების დაყოფა, ძმების დაპირისპირება, რომლის შედეგებიც წლების განმავლობაში არ განელებულა. დღეს ურთიერთგაუტანლობა საზოგადოებაში იმაზე ნაკლები არაა. რაღაცამ უნდა დაგვაფიქროს, ვიკმაროთ ამ მიმართულებით სვლა.
დღეს ზედმეტია თავის მართლების და რადიკალური პოზიციის დაკავება. რაც არ უნდა სხვაობა იყოს შეხედულებებში. როგორ ვართ მართალები, თუ ერთმანეთისადმი გამოქვაბულის სიძულვილი გვიპყრობს?
პასუხისმგებლიანი საზოგადოება ერთმანეთზე ზრუნვის ნიშნებს არ უნდა კარგავდეს.
ღმერთმა ინებოს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში,
სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს“, – წერს ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, დღეს 15:00 საათზე მედიის მხარდამჭერი აქცია იმართება.
ცნობისთვის, გუშინდელ აქციაზე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში ჩართვისას ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს, წაართვეს ტექნიკა. ჟურნალისტიც და ოპერატორიც ტვინის შერყევით კლინიკაშია მოთავსებული. მალევე “ტვ პირველის” დირექტორმა, ვატო წერეთელმა $25 000 დააწესა ჯილდო მათთვის, ვინც მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელებზე ინფორმაციას მიაწვდიდა.
ფაქტის ამსახველ ვიდეოში ჩანს რომ ამას აკეთებს ნიღბიანი დაჯგუფება, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ. საზოგადოების ნაწილი ამ სისასტიკეს “ქართული ოცნების” ე.წ. ტიტუშკებს მიაწერს, თუმცა, თავად “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ მედიაზე თავდამსხმელებს არანაირი კავშირი მათთან არ აქვთ.
ცნობისთვის, ომბუდსმენის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოებმა აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით შლიან მშვიდობიან აქციას მაშინ, როცა არ არსებობს მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
შეგახსენებთ, ცხრა ღამეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. აქციის მონაწილეტა ნაწილი ითხოვს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთასორიშო გამოძიებას და ახალ არჩევნებს.
ყოველდღე აქციის მსვლელობისას მობილიზებულია სპეცდანიშნულების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკავებს აქციის მონაწილებს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაიცვან ძალოვნების შემოტევისგან.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. მისივე შეფასებით სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.
ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.
უფასურდება ლარი და სპეციალისტები ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას მომავალშიც პროგნოზირებენ, თუ მასზე პოლიტიკური წნეხი არ მოიხსნება.
მთავრობა ეკონომიკურ და ფინანანსურ პრობლემებს არ აღიარებს და ოპტიმისტურადაა განწყობილი.
ნეგატიური მოლოდინები აქვს ექსპორტიორებს.
პოლიტიკური ესკალაციის სწრაფად განმუხტვის გარეშე, კრიზისს პროგნოზირებს ტურიზმის სფეროც და მისი მომიჯნავე სექტორები, ავიაცია, სტუმარ-მასპინძლობა და სხვა.