„სასკოლო საჭიროებებისთვის თანხის მოგროვების მთავარი პრინციპი არის ის, რომ ეს პროცესი არ უნდა იყოს იძულებითი, არ უნდა იყოს დაწესებული კონკრეტული ლიმიტები და ნებაყოფლობითი იყოს“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „განათლების უფლება“, პროექტ „ჩართეს“ ხელმძღვანელმა მარიამ მჭედლიშვილმა სასკოლო საჭიროებებისთვის ფინანსების მოზიდვის საჭიროებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სკოლაში თანხის შეგროვებას მკაფიო მიზანი უნდა ჰქონდეს და თანაბრად გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, რომ ბოლოს არ გაჩნდეს კითხვები – რა რისთვის გაიხარჯა.
„იმისათვის რომ სახსრების გამჭვირვალობას მივაღწიოთ, სასურველია ერთ კონკრეტულ ანგარიშზე გროვდებოდეს თანხა, რომელსაც მისი მეპატრონე არ იყენებს, რომ მერე სოციალურ ქსელში ვაჩვენოთ ამონაწერი რა თანხა ჩაირიცხა და რაზე გაიხარჯა შესაბამისი სახსრები. რის შემდეგაც კითხვები აღარ გაჩნდება, რაზე რამდენი დაიხარჯა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩართულობას შესაძლებლობის ფარგლებში ხდებოდეს. მე შესაძლოა დღეს არ მქონდეს ფინანსური რესურსი, მაგრამ მქონდეს დრო, რომელიც მეორე მშობელს არ გააჩნია და შემიძლია არანაკლები გავაკეთო ამ საქმისთვის. როცა კონკრეტულ ლიმიტს ვაწესებთ, მეტი ადამიანი გამოჩნდება, რომელსაც არ უნდა მონაწილეობის მიღება პროექტში“, – განაცხადა მარიამ მჭედლიშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან ცუდი მაგალითია, როცა სიებით ხდებოდა და ხდება ფულის შეგროვება, საჩუქრების გადაცემა. „ვცხოვრობთ სოციალურად უთანასწორო დროში და ჩემთვის 10 ლარი, რომელიც მეორე მშობლისთვის არაფერს წარმოადგენს, შეიძლება ყველაფერი იყოს, რაც შეიძლება დღეს გავიღო. ამიტომ, აუცილებელია, რომ პროცესში ნებისმიერი სახის ჩართულობა დავაფასოთ“, – ამბობს მარიამ მჭედლიშვილი.
გადაცემის სტუმარმა სასკოლო საჭიროებებისთვის ფინანსების მოზიდვის პროცესში ქრაუდფანდინგის როლზეც ისაუბრა და რამდენიმე პლატფორმა დაასახელა, სადაც იდეის გარშემო გაერთიანება და ფინანსების მოზიდვაა შესაძლებელი.
„ქრაუდფანდინგს სახალხო დაფინანსების დასახელებითაც იცნობენ და ეს არის მეთოდი, რომ გავცდეთ ჩვენს ვიწრო წრეს. თუ ჩემი შვილის მშობლები ვაგროვებთ თანხას და თუ დავიწყებთ ქრაუდფანდინგ კამპანიას, შეგვიძლია ეს იდეა მეტ ადამიანს გავაგებინოთ და მეტი თანხა მოვაგროვოთ. ეს გვეხმარება რომ, ერთი მხრივ, რესურსები უფრო იოლად მოვაგროვოთ, მეორე მხრივ – მივხვდეთ, რამდენად სწორად ვაგროვებთ თანხას და რამდენად სწორი იდეის გარშემო ვერთიანდებით.
საამისოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ ონლაინ საიტები, სადაც ასეთი იდეების განთავსება ხდება. ერთ-ერთი ასეთია orbelianimeti.ge. აქ შესაძლებელია წარადგინოთ იდეა თქვენი სკოლის გარე სივრცის მოწყობაზე, სკოლის შენობაში კონკრეტული ოთახის გახსნაზე, ან კონკრეტული აქტივობების განხორციელებაზე.
მეორე პლატფორმაა donors.ge, სადაც სკოლებს შეუძლიათ კონკრეტული საჭიროებებისთვის დადონ პროექტი და სახსრები ასე მოიძიონ. მშობლების გარდა, პროცესში მასწავლებლები და მოსწავლეებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული.
მშობელი თუ ხედავს საჭიროებას, უნდა იზრუნოს ამ საჭიროებების მოსაგვარებლად. თუ ასე შევხედავთ – რატომ გავაკეთო მე და არა იმან, უამრავი მოუგვარებელი პრობლემა დარჩება“, – აცხადებს მარიამ მჭედლიშვილი.