„სასკოლო ზონებთან გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა – არ არსებობს უსაფრთხო გადასასვლელები“

„სასკოლო ზონებთან გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა,“ – ამის შესახებ ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოება“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური რეგიონებშია, სადაც არ არსებობს უსაფრთხო გადასასვლელები.
„სასკოლო ზონებთან გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა, განსაკუთრებით რეგიონებში. არ არსებობს უსაფრთხო გადასასვლელები. გაერომ დაიწყო გლობალური მოძრაობა, რომლის თანახმადაც, რეკომენდაცია სასკოლო ზონებზე, სიჩქარის 30კმ/სთ-მდე შემცირება საქართველოს მასშტაბით. უკვე მესამე წელია რაც ამ ამ კუთხით სხვადასხვა აქტივობებს ვახორციელებთ და მაგალითად, ზუგდიდის მთლიან მუნიციპალიტეტში შეიცვალა სიჩქარე და 30 კმ/სთ-მდე ჩამოვიდა. თბილისშიც არის წინსვლა ამ მიმართულებით. ასევე გარკვეული მიმართულებებია ქვემო ქართლის სხვადასხვა რეგიონებში, მაგრამ 69 მუნიციპალიტეტია და ყველა არ არის ამ საკითხებში ჩართული. სწორედ ამის გამო, ჩვენი რეკომენდაცია იყო, უწყებათაშორისმა კომისიამ, იმ პირებმა ვინც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ, გაამახვილონ ამ საკითხზე ყურადღება და შესაბამისი რეკომენდაციები უშუალოდ მუნიციპალიტეტებს მიაწოდონ,“ – აღნიშნა ირაკლი იზორიამ.
მისი თქმით, გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს 24 ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი მეტია.
ამასთან, როგორც იზორიამ აღნიშნა, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ხშირად, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობი რჩება, რადგან მათი აღრიცხვა სრულად არ ხდება.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ