სასტუმრო “ახალციხე ინნ”-ში მიმდინარე სეზონზე დატვირთულობა საშუალოზე მაღალია, – ამის შესახებ “ინნ ჰოსპითალითის” კომერციულმა დირექტორმა ნინა გაჩეჩილაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საშუალოზე მაღალი დატვირთულობა, ერთი მხრივ, განპირობებულია რეგიონის მიმართ ინტერესის ზრდით, რასაც წინ უძღოდა მათი არაერთი მარკეტინგული კამპანია, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს ტურისტულად ახალი სტრატეგიული ბაზრებიდან ვიზიტორების ზრდით. საუბარია ჩინეთზე.
ამასთან, როგორც ნინა გაჩეჩილაძე ამბობს, გარდა უცხოელი ტურისტებისა, კომპანია ცდილობს შიდა ბაზრის სტიმულირებასაც.
“სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ სპეციფიკური ტარიფი – 170 ლარი ექსკურსიებისთვის, რამაც ხელი შეუწყო არაერთ სკოლას არჩევანი შეეჩერებინა სამცხე-ჯავახეთზე და დაეგეგმა/განეხორციელებინა ორდღიანი ექსკურსიები ამ რეგიონში. ამავდროულად, ამავე სეგმენტისთვის, ჩვენ შემუშავებული გვაქვს ექსკლუზიური საპიკნიკე მზა მენიუ, რომელიც გაუმარტივებს სკოლის მოსწავლეებს სათავგადასავლო პროცესს. ეს ორი პროდუქტი ერთობლივად ემსახურება ჩვენს მიზნებსა და ხედვებს, რათა ყველა მოზარდისთვის იყოს ხელმისაწვდომი, გაიცნოს სამცხე-ჯავახეთის უძველესი ისტორია და კულტურა”, – განაცხადა ნინა გაჩეჩილაძემ.
სასტუმრო “ახალციხე ინნ”-ს ზაფხულისთვისაც პოზიტიური მოლოდინები აქვს.
“თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის მასშტაბით მიღწეულ შეთანხმებებს ისეთ ავიაკომპანიებთან, როგორიცაა British Airways-ი, Transavia France-ი, EasyJet-ი და Edelweiss-ი, ზაფხულის მოლოდინები საკმაოდ პოზიტიურია. აქვე აღსანიშნავია მიმდინარე სეზონზე, ე.წ MICE ტურიზმის მკვეთრად გააქტიურებაც, რაც ასევე დადებითად აისახება სასტუმროს დატვირთულობაზე”, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, სასტუმრო “ახალციხე ინნ” 2025 წელს, მინიმუმ 15%-იან ზრდას გეგმავს.
“პირველი კვარტალის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, მცირე მაჩვენებლით, მაგრამ გვაქვს დატვირთულობის ზრდა, თუმცა გასათვალისწინებელია სეზონურობა და ის ფაქტი, რომ სასტუმროს ოპერირების ჯერ მხოლოდ მეორე წელია.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მაჩვენებლები, სასტუმრო ბიზნესებისთვის ოპერირების პირველი წლის დამახასიათებელ მაჩვენებელთან თანხვედრაშია, კერძოდ გასული წლის წლიური დატვირთულობა 32%, ხოლო GOP მაჩვენებელი 13.5% გახლდათ. მიმდინარე წელს კი, ასევე სასტუმრო ბიზნესების მახასიათებლების თანახმად, მინიმუმ 15%-იან ზრდაზე გვაქვს ორიენტირი”, – განაცხადა ნინა გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, “ახალციხე ინნ”-ი “ინნ ჰოსპითალითში” შემავალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ახალციხეში 2023 წელს გაიხსნა.
