ზუგდიდის დადიანების სასახლიდან სასიხარულო და საინტერესო ამბები ვრცელდება:
“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გრანტის ფარგლებში დედოფლისეულ სასახლეში დასრულდა რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც სამუზეუმო ფონდების კეთილმოწყობას, რესტავრაციას და თანამედროვე სისტემებით აღჭურვას ითვალისწინებდა.
რესტავრაციის პროცესში ფონდსაცავების კედლებიდან მოიხსნა საბჭოთა პერიოდის ბათქაში და საღებავი, ამ დროს გამოვლინდა სასახლის ისტორიისათვის საინტერესო სამშენებლო ფენები (მათ შორის ბუხრები, ნიშები, შენობის ძველი მოპირკეთების ფრაგმენტები), ამიტომ რესტავრატორებთან კონსულტაციების შემდეგ, აღნიშნული ფენები სათანადოდ დამუშავდა და კონსერვაცია ჩაუტარდა, 2000-იან წლებში ჩადგმული მეტალოპლასმასის ყველა ფანჯარა შეიცვალა სასახლისათვის შესაბამისი ხის ფანჯრებით.
საგანძურის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის,ბროლ ფაიფურისა და გამოყენებითი ხელოვნების, ასევე ფერწერის ფონდსაცავები აღიჭურვა სიგნალიზაციის, ვიდეო მონიტორინგისა და ცეცხლის ქრობის თანამედროვე სისტემებით.
ყველა საცავში საბჭოთა პერიოდის ლინონიუმი შეიცვალა მაღალი ხარისხის ხის იატაკებით.
ზუგდიდის დადიანების სასახლეებისათვის აშშ-ს საელჩოს სარეაბილიტაციო გრანტი ხელოვნების სასახლემ მოამზადა, პროცესს პატრონაჟს კულტურის სამინისტრო უწევს.
განსაკუთრებული მადლობა ზუგდიდის დადიანების სასახლეების მუზეუმის დირექტორს ბატონ ანზორ ოყუჯავას, რომელიც აღნიშნულ საქმიანობას ადგილზე ღირსეულად ხელმძღვანელობდა. მალე უფრო სასიხარული და საინტერესო სიახლეებს გაგაცნობთ.”