რუსი გენერალი ივან პოპოვი, რომელიც არმიიდან ორი წლის წინ დაითხოვეს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მკაცრი კრიტიკისთვის დააპატიმრეს, ბრძოლის ველზე ისევ დაბრუნდება. რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, ის „შტორმი-Z“-ის ერთ-ერთ ქვედანაყოფს უხელმძღვანელებს, რომელიც, ძირითადად, მაღალი რისკის მქონე ბრძოლებისთვის დაქირავებული პატიმრებისგან შედგება. ანალიტიკოსები ამ გადაწყვეტილებას „სასიკვდილო განაჩენს“ ადარებენ.
გენერალ-მაიორი ივან პოპოვი, რომელიც რუსეთის ჯარებს უკრაინის სამხრეთში ხელმძღვანელობდა, ორი წლის წინ დააჯილდოვეს და დააწინაურეს. თუმცა, ყველაფერი მალევე, მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც პოპოვმა თავის კოლეგებს ხმოვანი შეეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ის თავისი უშუალო უფროსებს და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას აკრიტიკებდა.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩვენს არმიას ფრონტის წინა ხაზიდან ვერაფერი დააკლო, (მაგრამ) ზემდგომმა ხელმძღვანელობამ ზურგიდან მუხანათურად დაგვარტყა და ყველაზე რთულ და დაძაბულ მომენტში ჯარს თავი მოჰკვეთა“, – აცხადებდა ივან პოპოვი 2023 წლის ივლისში გაგზავნილ შეტყობინებაში.
გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც მან არტილერიის ნაკლებობასა და სხვა პრობლემებზე დაიჩივლა, „უმაღლესმა მეთაურებმა საფრთხე იგრძნეს, სასწრაფად, ერთ დღეში მოამზადეს ჩემი გათავისუფლების ბრძანება და თავიდან მომიშორეს“.
ამის შემდეგ, პოპოვი სირიაში რუსული სამხედრო კონტინგენტის ვიცე-მეთაურად დანიშნეს, 2024 წლის მაისში კი სავარაუდო თაღლითობის გამო დააპატიმრეს, თუმცა, ის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.
რუსმა პროკურორებმა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს გენერლისთვის, რომელიც შეიარაღებული ძალებიდანაც დაითხოვეს.
გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ ღია წერილში, პოპოვმა ითხოვა, რომ მისთვის ბრძოლის ველზე დაბრუნების უფლება მიეცათ. შერისხულმა გენერალმა ამ წერილში ვლადიმერ პუტინს მისი „მორალური მეგზური და მისაბაძი მაგალითი“ უწოდა, რომელიც „დაეხმარა, გაეგო ლეგენდარული გამოთქმის – ცივი თავი, თბილი გული და სუფთა ხელები – მნიშვნელობა“.
გასულ კვირას, პოპოვის დაცვის მხარემ შეძლო თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმება იმაზე, რომ გენერალი პატიმრობისგან გათავისუფლებულიყო და აქტიურ სამხედრო სამსახურში დაბრუნებულიყო.
„ჩვენ, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, წარვადგინეთ მოთხოვნა სასამართლო პროცესის შეჩერების შესახებ (…),სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში (ანუ, უკრაინის ომში) ივან პოპოვის მონაწილეობის საკითხი დადებითად გადაწყდა“, – აღნიშნა ადვოკატმა სერგეი ბუინოვსკიმ.
თუმცა, პოპოვი 58-ე ბატალიონში არ დაბრუნდება, რომელსაც ის არმიიდან დათხოვნამდე მეთაურობდა. რუსული გაზეთის, „კომერსანტის“ ცნობით, გენერალი გაიგზავნება „შტორმი-Z“-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურად, რომელიც ცნობილია იმით, რომ, ძირითადად, მაღალი რისკის მქონე სახმელეთო ბრძოლებისთვის დაქირავებული პატიმრებისგან შედგება.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, კეტერინა სტეპანენკომ CNN-ს განუცხადა, რომ პოპოვის მისია „სასიკვდილო განაჩენის“ ტოლფასია, რადგან რუსული სამხედრო სარდლობა „შტორმი-Z“-ის ქვედანაყოფებს, ძირითადად, თვითმკვლელობად მიჩნეული ფრონტალური შეტევებისთვის იყენებს.
CNN: რუსი გენერალი, რომელიც სამხედრო მაღალჩინოსნების კრიტიკის გამო გაათავისუფლეს, ბრძოლაში ყოფილი მსჯავრდებულებისგან შემდგარი სამარცხვინო ქვედანაყოფის მეთაურად ბრუნდება
კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომში პატიმრების გამოყენებას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ, ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ „შტორმი-Z“-ის ქვედანაყოფების წევრებს ვეტერანის სტატუსს მიანიჭებს. „ჩვენ ამ საკითხს მოვაგვარებთ. იმ შესანიშნავი კონტაქტების წყალობით, რომელიც მთავრობასთან და დეპუტატებთან მაქვს, შეთანხმებას აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა მან.
