“იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულების მოპოვების 140 ლიცენზიანტიდან (იურიდიული და ფიზიკური პირები) 56 პოლიტიკური შემწირველია ან/და სახელმწიფო შესყიდვების პროცესშია ჩართული. ლიცენზიები მიიღეს მოქმედ ან/და ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც”, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია საუბარი.
არასამთავრობო ორგანიზაცია, შეისწავლა იმ კომპანიების ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, რომლებმაც წიაღის მოპოვების ლიცენზია იმერეთის რეგიონში 2019-2021 წლებში მიიღეს. ეს კომპანიები მოიპოვებენ როგორც ქვიშა-ხრეშს, ასევე გრანიტს, ტეშენიტს, კირქვას, ბაზალტს და სხვა სასარგებლო წიაღისეულს.
“37 სხვადასხვა ლიცენზიის მქონე 25-მა კომპანიამ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა 2,485,931 ლარის ოდენობის შემოწირულება გაიღო, რომელთა უმეტესი ნაწილის მიმღები მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა. წიაღის ლიცენზიის მოპოვების მქონე 26 კომპანია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არის ჩართული და მათ ჯამში 757,566,585 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ მიღებული”, – ნათქვამია კვლევაში.
TI-ის თანახმად, წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიების ნაწილი “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული. კერძოდ, ვანის საკრებულოში “ოცნების” წარმომადგენლის ბიჭიკო პაიკიძის კომპანიამ B.P.TRANS 2019-2021 წლებში 26,226,116 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან. მან 2016 წელს 12,000 ლარი გაიღო მმართველი პარტიის სასარგებლოდ პაიკიძის შვილის ნათლია სუსის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია.
ბიჭიკო პაიკიძის პარტნიორია კიდევ ერთი ლიცენზიანტი კომპანიის მმართველი. შპს “ჯორჯიან ენერჯის” 2014-2023 წლებში 31,562,630 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები აქვს მიღებული. კომპანიის 100%-ს ფლობს ზვიად ჩხობაძე, თუმცა ვიდრე ამ კომპანიას ის სრულად განკარგავდა, მისი პარტნიორი ამავე კომპანიაში სწორედ ბიჭიკო პაიკიძე იყო. ზვიად ჩხობაძემ “ქართულ ოცნებას” 2016 წელს 60,000 ლარი შესწირა.
ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველი კომპანიაა ა(ა)იპ “ასოციაცია ატუ”, რომლის დირექტორმა და გამგეობის წევრებმა – როსტომ ჩაბრაძემ, ეთერ დემინაშვილმა და ბიჭია დემეტრაშვილმა ჯამურად 168,000 ლარი შესწირეს “ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილის კამპანიას. ასოციაცია “ატუ” ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. მისი გამგეობის წევრი ეთერ დემინაშვილი 2017 წლის სექტემბრამდე ფონდ “ქართუს” გამგეობის წევრი იყო, ამჟამად კი სს “ქართუ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. “ატუს” 2013-2021 წლებში 3,613,464 ლარის სახელმწიფო შესყიდვები აქვს მიღებული.
მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს შპს “კომპანია ბლექ სი გრუპი”, რომელმაც ტენდერებიდან 446,673,239 ლარის შემოსავალი მიიღო კომპანიის მეწილე, გიორგი კალანდაძე (25%) ამავდროულად არის პარლამენტარ ბექა ოდიშარიას პარტნიორი შპს-ში “ძველი დედაქალაქი”.
ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია აქვს შპს “კავკასენერგოს”, რომლის 100% წილის მფლობელს, გიორგი მოლაშხიას 100,000 ლარი აქვს მმართველი პოლიტიკური პარტიებისთვის და 28,226,116 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები აქვს მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. გიორგი მოლაშხიას ბიზნეს-პარტნიორი სხვა კომპანიაში (შპს “ტრანს სერვის”) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ ენუქიძეა.