სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელი კომპანიების წარმომადგენელი 210 ფიზიკური პირი მმართველი პარტიის შემომწირველია. მეტიც, მმართველი პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირები ხშირად ერთ კომპანიას წარმოადგენენ, რაც შეწირულ თანხას უფრო ფართო მასშტაბს სძენს. ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორი წერს.
გამოცემის ცნობით, ეს თანხები წლების განმავლობაში ჯამურად (და არა ერთჯერადად) – 1,000-დან 461,000 ლარამდე მერყეობს, მიღებული ფართობების მოცულობები კი 0.07 ჰექტრიდან – 744,0698 ჰექტრამდე.
210 ფიზიკური პირიდან, რომლებიც თავის მხრივ კომპანიებს წარმოდგენენ:
1. 109 პირიდან თითოეულს შეწირული აქვს ₾50,000-მდე;
2. 54 პირიდან თითოეულს შეწირული აქვს ₾50,000-დან ₾100,000-მდე;
3. 47 პირიდან თითოეულს შეწირული აქვს ₾100,000-ზე მეტი.
ჯამურად 100,000 ლარზე მეტი შეწირულობების ზედა ზღვარი თითქმის ნახევარ მილიონ ლარამდე (₾461,000) ადის.
მმართველი პარტიის შემომწირველები მოქმედი ლიცენზიის მქონე კომპანიებიც არიან. მოქმედ კომპანიებში მსგავს 29 შემთხვევას ვაწყდებით. მათ მიერ წლების განმავლობაში ჯამურად შეწირული თანხების ოდენობა 1,000 ლარიდან იწყება და 300,000 ლარს აღწევს. მიღებული ფართობის ოდენობები კი 0,07 ჰექტრიდან იწყება და 57.983982 ჰექტრამდე ადის.
შემომწირველი 29 კომპანიიდან:
1. ჯამურად ₾50,000-მდე შეწირული აქვს 21 კომპანიას;
2. ჯამურად ₾50,000-დან ₾100,000-მდე შეწირული აქვს 3 კომპანიას;
3. ჯამურად ₾100,000-ზე მეტი შეწირული აქვს 5 კომპანიას.
კომპანიებს შორის ყველაზე დიდი თანხის 300,000 ლარის შემწირველია შპს “ჯეო სენდ”, რომელიც შემწირველ კომპანიებს შორის ყველაზე დიდ ფართობს – 57.9 ჰექტარს ფლობს. მასთან ერთად ყველაზე დიდი თანხის 300,000 ლარის შემწირველი მეორე კომპანია შპს “კასპი 2011”, შემწირველ კომპანიებში რიგით მეორე ყველაზე დიდი ფართობს – 28.3 ჰექტარს ფლობს. ანალოგიური ვითარებაა ფართობით მესამე ადგილოსანი კომპანიის შემთხვევაშიც. შპს “გ&კ ტექნოლოგს” 21.2 ჰექტარი აქვს და ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების შემდეგ ყველაზე მეტი, 240,000 ლარი აქვს შეწირული.