მათი განცხადებით, შსს-მ დაკავებულები სასამართლოში 20 ნოემბერს, სამუშაო საათების მიწურულს, 18:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე გადაიყვანეს ისე, რომ ადვოკატები არ იყვნენ ინფორმირებულები გონივრული ვადით ადრე.
საქმეებს რამდენიმე მოსამართლე პარალელურად იხილავს.
ორგანიზაციების ცნობით, მოსამართლეები “მიზანმიმართულად” არ აკმაყოფილებენ ადვოკატების შუამდგომლობებს საქმის მასალების გაცნობის შესახებ, რითაც “უგულებელყოფენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას”.
“მოსამართლეები მიზანმიმართულად არ აკმაყოფილებენ ადვოკატების შუამდგომლობებს საქმის მასალების გასაცნობად და დამატებითი მტკიცებულებების წარმოსადგენად გონივრული ვადით სხდომების გადადებასთან დაკავშირებით. რამდენიმე შემთხვევაში პროცესი გადაიდო მხოლოდ 10 ან 30 წუთით და ამ დროში მხარეებს დაევალათ ვიდეო მტკიცებულებებისა და მოწმეთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.
მიგვაჩნია, რომ სასამართლო უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არ აძლევს ადვოკატებს შესაძლებლობას ჯეროვნად განახორციელონ მათი მარწმუნებლების ინტერესების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეებს არ ეძლევათ მათი სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისა და სასამართლოში წარმოდგენის შესაძლებლობა”, – წერია ორგანიზაციების განცხადებაში.
ისინი მოუწოდებენ სასამართლოს, მისცეს ადვოკატებსა და მხარეებს საქმის მასალების სრულად გაცნობის და ახალი მტკიცებულებების მოძიებისთვის საჭირო დრო.
20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს დაკავებულს, ირაკლი ანდღულაძეს 2700-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ასევე, კიდევ ერთ დაკავებულს ისაკო დევიძეს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაკავებულების ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ აღნიშნა, რომ ორივე მათგანს შსს აქციის დროს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი].
მისივე თქმით, დღევანდელ პროცესებზე სასამართლომ დაცვის უფლება შეზღუდა, რაც როგორც თავად ამბობს, ადრე არ ხდებოდა. ჯუბა ქათამაძე ჰყვება, რომ 20 ნოემბერს გამართულ პროცესზებზე, ერთმა მოსამართლემ მტკიცებულებების მოსაპოვებლად და მასალების გასაცნობად ადვოკატებს მხოლოდ ნახევარი საათი მისცა, მეორემ კი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.
“მთავარი იყო ის, რომ სასამართლომ დაცვის უფლება ძალიან შეზღუდა. ეს სტანდარტი ადრე არ იყო… მოსამართლემ ნახევარი საათი მოგვცა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რაც წარმოუდგენელი იყო. ისაკოს [დევიძის] შემთხვევაში მასალების გასაცნობადაც არ მოგვცა დრო, “გაჭიანურებას ემსახურება ეს მოთხოვნაო”. ეს იყო სიახლე, რაც აქამდე არ ხდებოდა, დანარჩენი იგივე – პოლიციელების ჩვენებებით გამტყუნება”, – ამბობს ადვოკატი.
19 ნოემბერს, დილით, პოლიციამ ვაკეში მიმდინარე აქცია დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროს 16 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.
ფორუმი