სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ლაშა ცანავას ბრალდება გუშინ წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.
ცნობისთვის, ლაშა ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.