თბილისის საქალაქო სასამართლოში ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
თავად ბრალდებული ზვიადაური დუმილის უფლებით სარგებლობს.
ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, ზურაბ ზვიადაურს ბრალდებულის სტატუსი აქვს წლების წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზეც. კერძოდ კი, 2021 წლის 16 აგვისტოს, სოფელ წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.
მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ზურაბ ზვიადაური მკვლელობის, ერთი პირი – ჯაბა ჯანგირაშვილი კი, იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
აღნიშნულ საქმეზე განაჩენი ამ დრომდე არ დამდგარა. ზვიადაურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია, მათი შერჩევის პროცესი კი კვლავ მიმდინარეობს.
