აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკანონოდ შეწყვიტა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი დაახლოებით 2.2 მილიარდი დოლარის გრანტები, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჰარვარდმა სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც ადმინისტრაციამ გააუქმა მისი მკვლევარებისთვის გაცემული ასობით გრანტი იმ მოტივით, რომ უნივერსიტეტის საკმარისი ძალისხმევა არ გასწია კამპუსში ებრაელი სტუდენტების შევიწროების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ბოსტონში აშშ-ის რაიონულმა მოსამართლემ, ალისონ ბეროუზმა დაადგინა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „ანტისემიტიზმი გამოიყენა, როგორც საფარველი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებზე მიზანმიმართული, იდეოლოგიურად მოტივირებული თავდასხმისთვის“.
მისი განცხადებით, ადმინისტრაციის ზეწოლის კამპანიამ გამოიწვია ჰარვარდის გრანტების შეწყვეტა კანონის დაცვის გარეშე და უნივერსიტეტის წინააღმდეგ შურისძიება, რაც არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გათვალისწინებული სიტყვის თავისუფლების უფლებებს.
ბეროუზის თქმით, სასამართლოების მოვალეობაა დაიცვან აკადემიური თავისუფლება და „უზრუნველყონ, რომ მნიშვნელოვან კვლევებს დაფინანსება თვითნებურად და დაუსაბუთებელად არ შეუწყდეს.
Reuters-ი წერს, რომ ალისონ ბეროუზის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ჰარვარდისთვის მნიშვნელოვან იურიდიულ გამარჯვებად იქცა.
