თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლოში ბაჩიაშვილის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალზე, რომელიც “მტკვარი ჰესის” საქმეს ეხება, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.
ადვოკატი ბაჩიაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობს.
როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ეს საქმე მის წინააღმდეგ მორიგი ფაბრიკაციაა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს “მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მშენებლობისას მან არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.
ეს არ არის ერთადერთი საქმე, სადაც ბაჩიაშვილი ბრალდებულია. მას ასევე ედავებიან, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
გიორგი ბაჩიაშვილს ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.
აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
