სასამართლოში 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმების – ედვინ ბაგაშვილისა და კარლო გალოიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, ადვოკატი კი მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
ძმების ადვოკატის მანანა მოსულიშვილის განცხადებით, ბრალდებულები და მოკლული ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, ერთ უბანში გაიზარდნენ და არანაირი სახის კონფლიქტი არ ჰქონიათ.
“განზრახ მკვლელობის ნაწილში წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება. არც თვითმხილველი მოწმე არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა. გარდა ამისა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით ვერ იქნა დადგენილი, რომ ფინდიხები, კონტეინერები, რაც ექსპერტიზაზე იქნა წარდგენილი, გასროლილია იმ ე.წ. მკვლელობის იარაღიდან “, – განაცხადა მოსულიშვილმა.
საქმის პროკურორის, ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები.
“საქმეში როგორც თვითმხილველი მოწმეთა ჩვენებები, ასევე ამოცნობის ოქმები, წერილობითი, ნივთიერი მტკიცებულებები არსებობს. დანაშაულის იარაღიც ამოღებულია, არსებობს ვიდეოჩანაწერები. ჩატარებულია ბალისტიკური ექსპერტიზა, რომლითაც დადგენილია, რომ ის იარაღი, რომელიც ამოღებულია, იმ ადგილიდან, სადაც ის ბრალდებულებმა შეინახეს, ცეცხლსასროლი იარაღია, დანიშნულია სხვა ექსპერტიზებიც”, – განაცხადა ჟორჟოლაძემ.
დაკავებულები არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფელიქს კაპანოვს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით,
126-ე პირველი პრიმა “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ