სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ყოფილი მოადგილის და ცოლის ძმის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გრძელდება.
ამ წუთებში ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს.
ასევე, პროცესზე გამოიკითხა ბიზნესმენი ილია გიორგობიანი, რომლის კომპანიაც საქართველოში სამედიცინო ტექნიკის იმპორტიორია.
როგორც მან პროცესზე განაცხადა, მას 2023 წლის გაზაფხულზე დაუკავშირდა ნაცნობი, რომელმაც სამედიცინო აპარატურის შეძენასთან დაკავშირებით ინტერესი გამოთქვა და განუცხადა, რომ „საიდუმლო შესყიდვა“ იყო.
“2023 წლის გაზაფხულზე დამიკავშირდა დიდი ხნის ნაცნობი ალექსანდრე ხეთერელი. მითხრა, რომ ენდოსკოპიური და ლაპაროსკოპიული ტექნიკა აინტერესებდა. მითხრა, რომ ეს საიდუმლო შესყიდვა იყო და გარკვეული სახის ინფორმაციას ვერ გასცემდა. ჩემთან აპარატურის ფასთან დაკავშირებით ივაჭრა, დაიდო ხელშეკრულება და შეიძინა ორი ენდოსკოპიური და ერთი ლაპაროსკოპიული აპარატი.
ასევე, 2023 წლის ზაფხულში დამიკავშირდა ალექსანდრე და მითხრა, რომ აინტერესებდა კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტორეზონანსული აპარატურაც, რომელთა ინსტალაციაც რთული საკითხია. ავუხსენი, რომ ამ ტექნიკას დიდი სივრცე სჭირდებოდა და საჭირო იყო წინასწარ გვცოდნოდა აპარატურის განთავსების ზუსტი ადგილი. მან მითხრა, რომ ტექნიკა გორის სამხედრო ჰოსპიტალში უნდა განთავსებულიყო. მითხრა, რომ ეს საიდუმლო შესყიდვა იყო, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ იყო საიდუმლო შესყიდვა, რადგან უამრავ ტენდერებში ვმონაწილეობ და არ ყოფილა ასეთი შემთხვევა”, – განაცხადა ილია გიორგობიანმა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.