სასამართლოში შეუძლოდ გახდა “ჯგუფური ძალადობის” საქმეზე ბრალდებული გიორგი გორგაძე

„ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით დაკავებული რვა დემონსტრანტის სასამართლო სხდომაზე, შეუძლოდ გახდა 20 წლის სტუდენტი გიორგი გორგაძე. მას სამედიცინო დახმარება ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექიმმა აღმოუჩინა და როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება სასამართლოდან, ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.
სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. გიორგი გორგაძე ბრალდებულების შეყვანიდან მალევე გახდა შეუძლოდ, რასაც დარბაზში დაძაბულობა და ხმაური მოჰყვა, გორგაძის დედა შვილის შველას ითხოვდა.
სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. სასამართლოს ექიმის მიერ გორგაძის გასინჯვის შემდეგ ადვოკატებმა თქვეს, რომ “ექიმმა გასინჯა, მშიერ კუჭზე დალია “ნიმესილი”, რამდენიმე დღის წინ ფილტვების ანთება ჰქონდა და შემდეგ პერიოდს ახასიათებს მსგავსი სიმპტომები. საჭმელს მოუტანენ, სასწრაფოს ბრიგადაც შეაფასებს მდგომარეობას და იმის მიხედვით გადაწყვეტენ”.
მშობლები მოითხოვენ, გიორგი კლინიკაში გადაიყვანონ გამოკვლევისთვის. სხდომა გიორგი გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევის დასრულებამდეა შეჩერებული.
სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა – საქალაქო სასამართლოში ორი საქმე განიხილება და ჯამში 19 ბრალდებულს აერთიანებს.
ერთ ჯგუფში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მასობრივი სახალხო გამოსვლების მონაწილე რვა დემონსტრანტია: ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი. ამ სიაში ბოლო სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურის ორი მოწმის დაკითხვა იყო დაგეგმილი.
განახლება:
მას შემდეგ რაც სასწრაფო სამედიცინო დამხმარების ექიმებმა გიორგი გორგაძე გასინჯეს სხდომა განახლდა, ექიმების რეკომენდაციით, ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებდა. ოჯახი დამატებით კვლევებს მოითხოვს, რისთვისაც ადვოკატი პენიტენციურ სამსახურს მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს