სასამართლოში მობილურების გამოყენების აკრძალვა შეზღუდავს გაშუქების შესაძლებლობას – კოალიცია – Netgazeti • თბილისის საქალაქო სასამართლო • მედია • ჟურნალისტის უფლებები • Netgazeti.ge

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება სასამართლოში ჟურნალისტთა მუშაობის შეფერხების ტენდენციას. კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ჟურნალისტს, “რომლებიც ყოველდღიურად, მძიმე და მტრულ გარემოში აგრძელებენ მუშაობას სიმართლისა და საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად”.
“ქართული ოცნების” სასამართლო სისტემა აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და დამატებით დაბრკოლებებს უქმნის ჟურნალისტებს, რომლებსაც სურთ სრულფასოვნად გააშუქონ სასამართლო პროცესები. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა 17 ოქტომბერს გააფორმა 91 700 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს “ავესთან”, რომლის საფუძველზეც თბილისის საქალაქო, სააპელაციო და სხვა სასამართლოებში (ჯამში 19 სასამართლო) დამონტაჟდება ასობით საკეტით აღჭურვილი სათავსო მობილურებისთვის. აღნიშნული შესყიდვა ეფუძნება მიმდინარე წლის ზაფხულში მიღებულ დადგენილებას, რომელიც მანდატურებს აძლევს უფლებას, არ დაუშვან მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა სასამართლო დარბაზებში. აღნიშნული წესის ჟურნალისტებზე გავრცელების შემთხვევაში, ის დამატებით შეუზღუდავს ჟურნალისტებს ინფორმაციის შეგროვების თუ გაშუქების შესაძლებლობას. სასამართლო ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის გარანტი უნდა იყოს, გადაიქცა “ქართული ოცნების” ზეგავლენის ქვეშ მყოფ უსამართლობის სიმბოლოდ – იქ, სადაც კანონი აღარ იცავს, არამედ დევნის. ჟურნალისტები და აქტივისტები ხშირად ხდებიან სასამართლოსა და “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული ზეწოლის, დევნისა და ძალადობის სამიზნე. “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი, პოლიტპატიმარია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ხოლო სასამართლო ამ დევნაში მოქმედებს როგორც დამსჯელი უწყება. უფრო მეტიც, სასამართლო მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობისა და შეურაცხყოფის ადგილიც გახდა. მედიისა და აქტივისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტები კი კვლავ დაუსჯელი რჩება – გამოძიებები არ ტარდება. მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქების შეზღუდვა არა მხოლოდ უხეშად არღვევს ჟურნალისტების უფლებებს, არამედ საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ აღსრულდება სამართალი”, – წერია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა 19 სექტემბერს გამოაცხადა ტენდერი ავეჯის, მათ შორის, მობილური მოწყობილობების შესანახი სათავსოების შესაძენად. ხელშეკრულება მიმწოდებელთან, შპს „ავესთან“, ჯამური ღირებულებით 91 700.00 (ოთხმოცდათერთმეტი ათას შვიდასი) ლარი, უკვე დადებულია 17 ოქტომბერს.
სათავსო მცირე ზომის საკეტიანი უჯრებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში სინდისის პატიმრების სარჩელების განხილვისას მისულ ჟურნალისტებს დაახლოებით ორი კვირას წინაც დახვდათ დამონტაჟებული, თუმცა ჯერჯერობით გამოუყენებელი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მედიის წარმომადგენლებს, შესაძლოა, სასამართლოს შენობაში მობილური ტელეფონების შეტანა აეკრძალოთ, თავდაპირველად “პუბლიკამ” გაავრცელა.