სასამართლოში, ლილოში მოკლული 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლილოში მოკლული 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი. ის საქმეში
განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის არის ბრალდებული.
დღევანდელი პროცესი პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. სხდომაზე მოწმის სახით იკითხებიან მოკლული ქეთევან ჯავახიშვილის არასრულწლოვანი და, ფსიქიატრი და ექსპერტი.
ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა ფოტომასალა, რომელიც გადაღებულია, როგორც ლილოში, შემთხვევის ადგილზე, ისებრალდებულ ოთარ ცინდელიანის საცხოვრებელ სახლში.
როგორც სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებების დროს ბრალდებულის სახლში, კერძოდ კი აბაზანასა და საძინებელში აღმოაჩინეს სისხლისმაგვარი ლაქები.
გარდა ამისა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა გარე ტერიტორიაზე. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ნაგვის ურნიდან ამოიღეს ჯინსის შარვალი, რომელსაც ასევე ეტყობოდა სისხლისმაგვარი რამდენიმე ლაქა. პროცესზე ფოტომასალა აღნიშნულის შესახებაც იქნა წარმოდგენილი.
რაც შეეხება მოკლულის არასრულწლოვანი დის მოწმის სახით დაკითხვის პროცესს, როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სხდომაზე განმარტა, მოწმე მისი მოკლული დისგან მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს ბრალდებულ ოთარ ცინდელიანთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, პროკურორმა არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვისას ბრალდებულის სხდომიდან გაყვანისა და სხდომის სრულად დახურვის შუამდგომლობა დააყენა. აღნიშნული შუამდგომლობა დაცვის მხარემ არ გაიზიარა, თუმცა საბოლოო ჯამში, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, არასრულწლოვანის დაკითხვისას ბრალდებული სხდომიდან გაიყვანეს და სხდომა დაუხურა.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მკვლელობა გენდერის ნიშნით არ მომხდარა.
ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.
ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო. ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.