თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე იწყება საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით დაწერილი სარჩელების განხილვა. საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები სასამართლომ გააერთიანა და ერთ საკითხად განიხილავს.
· “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ამტკიცებს, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშვნის გამოჩენის გამო, ყველა ელექტრონულ უბანზე დაირღვა ამომრჩეველთა ხმის ფარულობა და შედეგები უნდა გაუქმდეს;
· იმავეს ამტკიცებენ ოპოზიციური პარტიები „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“. დამატებით, პარტიები მიუთითებენ, რომ არჩევნებზე იყო სხვა დარღვევებიც: მოსყიდვა, დაშინება, დამკვირვებლების საქმიანობაში ხელშეშლა.
ეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საარჩევნო საკითხებზე სარჩელების განხილვების მეორე ეტაპია. საქმეს მოსამართლე ივერი აბაშიძე განიხილავს.
· პირველ ეტაპზე სასამართლოები განიხილავდნენ საუბნო საარჩევნო კომისიებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 ნოემბერს დაიწყო და 23 საათი გაგრძელდა საუბნო საარჩევნო კომისიების შედგენილი ოქმების გაბათილების მოთხოვნით დაწერილი გაერთიანებული სარჩელების განხილვა. მოსამართლეთა კოლეგიამ გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის მიღებული ერთი განსხვავებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლემ ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა და არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების 20-ზე მეტი საჩივარი.
· ახლა, დავების განხილვის მეორე ეტაპზე, გასაჩივრებულია საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმები. საოლქო კომისიებთან დაკავშირებული დავები ჯერ ცესკომ განიხილა, როგორც ზემდგომმა ორგანომ – 8-საათიანი განხილვის მიუხედავად, ოპოზიციისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სავარაუდოა, რომ საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილების საქმე სააპელაციოში გადაინაცვლებს, იმ შემთხვევაში თუ საქალაქო სასამართლო სარჩელების ავტორების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
მეორე ეტაპის სასამართლო დავების დასრულების შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებები ცესკოს გადაეგზავნება, რომელზე დაყრდნობითაც არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა გამოაცხადოს. შესაძლოა ცესკოს შემაჯამებელი ოქმიც გასაჩივრდეს ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში და შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლოში.