თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი ელჩის, გიგი გიგიაძის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე პროცესი გაიმართა. მას 2024 წლის 17 დეკემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს გზის გადაკეტვას ედავებიან.
საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე იხილავდა.
შსს-ს მტკიცებით, 2024 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე იმართებოდა საპროტესტო აქცია, რა დროსაც გიგი გიგიაძემ ხელოვნურად გადაკეტა გზა მაშინ, როცა გზის გადასაკეტად ხალხის რაოდენობა საკმარისი არ იყო. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, საქმეში წარმოდგენილია ვიდეომასალა, სადაც ჩანს სამართალდარღვევა გიგი გიგიაძის მხრიდან, კერძოდ ის, რომ გიგიაძე პოლიციის მხრიდან გამოყოფილ მარჯვენა ზოლში არ მოძრაობდა.
სხდომას ესწრებოდა თავად ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძეც. მისი თქმით, შსს-ს ბრალდება მისი მხრიდან გზის გადაკეტვის შესახებ სინამდვილეს არ წარმოადგენს.
გიგიაძის განმარტებით, გასული წლის 17 დეკემბერს მართლაც იმყოფებოდა აქციაზე, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო. მისი თქმით, აქციაზე მისვლისას, ხალხი მალევე დაიძრა ჭავჭავაძის გამზირიდან რუსთაველის გამზირისკენ, მსვლელობას მიუყვებოდა პოლიციაც და ამ დროის განმავლობაში მას არ მიუღია არანაირი გაფრთხილება კანონდარღვევის შესახებ. როგორც გიგიაძემ აღნიშნა, ის რომ პოლიციას დემონსტრანტებისთვის „უკიდურესი მარჯვენა ზოლი ჰქონია გამოყოფილი, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაიგო“.
„ტროტუარზე ან სხვა ნაწილზე ვერ გავჩერდებოდით, ამიტომ გზაზე გადმოსვლა იყო ბუნებრივი მდგომარეობა. გაუგებარია ითქვას ის, რომ ხელოვნურად მოხდა გზის გადაკეტვა“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
დღევანდელ პროცესზე შსს-მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულება გამოიკვლიეს, რითაც უწყება გიგიაძის მხრიდან სამართალდარღვევას ამტკიცებდა. როგორც ვიდეოს დათვალიერების შემდეგ, ერთ-ერთმა ადვოკატმა სხდომაზე აღნიშნა, ვიდეოში ჩანს, რომ პირიქით, გიგიაძე ნამდვილად მოძრაობდა შსს-ს მიერ მითითებულ მარჯვენა ზოლში, შესაბამისად დარღვევა სახეზე არ არის.
გიგიაძის კიდევ ერთი ადვოკატ სანდრო ბარამიძის თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს შსს-ს ბრალდება იმის შესახებ, რომ 2024 წლის 17 დეკემბერს მომდინარე აქციაზე გიგი გიგიაძემ გზა გადაკეტა.
„ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მტკიცებულების სახით ტელევიზიიდან ამოღებული რაღაც ვიდეოები შსს-ს წარმოდგენილი აქვს, მაგრამ ეს ვიდეოები სრულებით არ ადასტურებს იმას, რომ ჩადენილი იყო სამართალდარღვევა გიგი გიგიაძის მხრიდან“, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.
