სასამართლოს პრაქტიკა მხარეებს სურვილს დაუკარგავს, საქართველოში არბიტრაჟით ისარგებლონ – არბიტრთა ასოციაცია

სასამართლოს პრაქტიკა მხარეებს სურვილს დაუკარგავს, საქართველოში არბიტრაჟით ისარგებლონ – არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკა ბიზნესს სურვილს დაუკარგავს, საქართველოში არბიტრაჟით ისარგებლოს.
როგორც ასოციაციის თავმჯდომარე, რუსუდან ჭკუასელი BMG-სთან აცხადებს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლითაც არბიტრაჟს დავების განხილვას ეზღუდება, საქართველოში ამ ინსტიტუტს მიმზიდველობას დაუკარგავს.
საუბარია, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლის მიხედვითაც თუკი რომელიმე მხარის ადვოკატი საარბიტრაჟო ცენტრის სიის ჩამონათვალშია, აღნიშნულ არბიტრაჟს უფლება საერთოდ აღარ აქვს, კონკრეტული დავა განიხილოს.
არბიტრთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიდგომა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო, ასევე თავად უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
„არბიტრაჟის ინსტიტუტს საქართველოში ისედაც არაერთი გამოწვევა აქვს. ხანდახან ერთი და ორი წელიც იწელება ხოლმე მიღებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება, რაც არბიტრაჟს მის მთავარ ხიბლს უკარგავს, რაც დავის სწრაფად გადაჭრაში მდგომარეობს. ამ ვითარებას კი დაემატა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც არანაირ სამართლებრივ კონტექსტში არ ჯდება. სასამართლომ ჩათვალა, რომ თუკი რომელიმე მხარის წარმომადგენელი ამავე დროს თუ არის მოცემული რომელიმე ინსტიტუტის პოტენციურ არბიტრთა სიაში, ეს ქმნის ისეთ ინტერესთა კონფლიქტს, რომ ამ ინსტიტუტში აღარ შეიძლება დავის განხილვა. ეს პრაქტიკა მცდარია და ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო, ასევე უზენაესი სასამართლო პრაქტიკას, რომელმაც მსგავს საქმეში ადრე თქვა, რომ ეს არანაირ ინტერესთა კონფლიქტს არ წარმოადგენს. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებებით არცერთ მხარეს არ ექნება იმისი სურვილი, რომ თბილისი და საქართველო განსაზღვროს საარბიტრაჟო განხილვის ადგილად და დაუქვემდებარონ თავისი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას“, – განაცხადა რუსუდან ჭკუასელმა.
bm.ge