სასამართლოს მანდატურების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად 30-მდე სისხლჩაქცევა მაქვს სხეულზე – მოქალაქე

მოქალაქე ნათია ჩიქოვანი წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს. ის ქვეყნებს ფოტო და ვიდეომასალას, სადაც ჩანს 12 ივნისს, სასამართლოში განვითარებული მოვლენები, ასევე დაზიანებები მის სხეულზე.
ჩიქოვანის მიერ გამოქვეყნებული სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, მას აქვს მენჯ-ბარძაყის სახსრისა და ბარძაყის ზედაპირული ტრავმა, წვივის ზედაპირული ტრავმა, მხრის სარტყლისა და მხრის ზედაპირული ტრავმა. ასევე სხეულზე აღენიშნება მრავლობითი მოლურჯო-იისფერი ჰემატომები და სისხლჩაქცევები.
“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ ჩიქოვანის პოსტს:
“ბოდიშს ვიხდი ჩემს თავზე ამდენს რომ ვლაპარაკობ, როცა ხალხი ციხეშია, მაგრამ ეს არაა მხოლოდ ჩემი ისტორია და განცალკევებული შემთხვევა და ამიტომ მინდა საჯაროდ საუბარი: მანდატურების მხრიდან ფიზიკური ძალადობის და შეურაცხყოფის შედეგად 30-მდე დალურჯებული (სისხლჩაქცევა) მაქვს სხეულზე. ბოლოს ხელის კვრის გარდა, კუთხეში მირტყამდა მანდატურების უფროსი დათო მარტიაშვილი და არის ამის ვიდეოც. ადგილზე მყოფი არც ერთი პოლიციელი ხომ არ განძრეულა, არც ერთი (!) რომლებმაც პირდაპირ უყურეს როგორ დამახეთქა მანდატურმა ქვის იატაკზე, უკვე გარეთ გამოგდებული.
ლაშა სალუქვაძე ხომ არ განძრეულა ასევე და ვიდეოზეც ჩავწერე რა კომენტარს აკეთებდა ამ ამბის მერე და დავურთავ საქმის მასალებს. პატრული სამჯერ გამოძახებული (ინციდენტზე საჩივრის დასაწერად) ხომ ასევე არ მოვიდა. საფარის ადვოკატთან ერთად (მადლობა საფარს, რომ ჩემი საქმის წარმოებაში მეხმარება), სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მივდივარ ორშაბათს. დროს ალბათ სპეციალურად წელავენ, დალურჯებები რომ გაუფერულდეს, მაგრამ ძაან მეპარება ეჭვი 3 დღეში გაქრეს ამდენი სისხლჩაქცევა! ფიზიკურად იძალადეს უმოქმედოდ უყურა ათობით მოწმე პოლიციელებმა ძალადობის ფაქტს პატრული არ მოვიდა გამოძახებაზე ეს სამი დანაშაული ჩაიდინეს გუშინწინ მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ. ასე მოექცნენ ათობით ქალს და კაცს გუშინწინ, ასე ექცევიან ხალხს რუსული კანონის შემდეგ, ლამის ყოველ დღე. სულ რომ თაროზე შემოდონ ჩემი საქმე, როცა ამათი დრო მოვა, ჩამოვაღებინებ ამ საჩივარს შესაბამის სამსახურებს! ძალიან ვნანობ, ბოლოს, ხელის კვრის შემდეგ ცრემლებმორეული პატრულს და მოძალადე ლაშა სალუქვაძეს რომ ვთხოვდი დახმარებას, ამას ვნანობ ძალიან! იქვე უნდა წამოვმხტარიყავი ფეხზე და საკადრისი მიმეძახებინა იმ არაკაცი ნაძირლისთვის. იმ რადმენიმე წამიანი სისუსტისთვის ძალიან ვჯაჯავ ჩემს თავს, ვიცი ახლა რასაც მეტყვით, მაგრამ არ მჩვევია მე ასეთ დროს დანებება. უბრალოდ იმდენად შოკში ჩავვარდი იატაკზე რომ ვეგდე, სანამ გონზე მოვედი ჩავლილი იყო ყველაფერი და შეძურწულები იყვნენ შენობაში მანდატურები… არაუშავს, წინაა სასამართლოები, წინაა საჩივარი და მაგათი ციხეში ჯდომაც წინაა!!!