სასამართლოს გუშაგი: მარსაგიშვილის არჩევით ოცნებამ უზენაესზე სრული კონტროლი მოიპოვა

პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის დანიშვნას სასამართლო გუშაგი განცხადებით ეხმაურება.
ორგანიზაციის შეფასებით, ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევით ქართულმა ოცნებამ წერტილი დაუსვა სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის სასურველი კადრებით დაკომპლექტებას, რომელიც 2019 წელს დაიწყო.
სასამართლო გუშაგის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის ყოფნის პერიოდში სულ უფრო გაუარესდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი.
“აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის ყოფნის პერიოდში სულ უფრო გაუარესდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი.
გარდა იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან საჯარო ინფორმაციის მოპოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა, მიმდინარე წლის აპრილში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ზეპირი მითითებით, დამკვირვებლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე შენობაში შესვლა აეკრძალათ. 2024 წლის ივლისიდან კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთოდ აკრძალა საბჭოს სხდომაზე დამკვირვებლების დასწრება.
მარსაგიშვილის არჩევით მმართველმა პარტიამ წერტილი დაუსვა სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის სასურველი კადრებით დაკომპლექტების პროცესს, რომელიც 2019 წელს დაიწყო. ამდენად, 5 წელი დასჭირდა ქართულ ოცნებას საქართველოს უზენაეს სასამართლოზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტმა მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წინასწარ აირჩია. ის უზენაეს სასამართლოში 2025 წლიდან იმუშავებს – კერძოდ, მას შემდეგ რაც მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურება.
მარსაგიშვილის კანდიდატურის კანონმედბლობასთან შესაბამისობის დასადგენად, სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა.