თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კახა აბუაშვილს, იგივე კაბუს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
გირაოს სრული მოცულობის გადახდის შემდეგ, ქალის მიმართ ძალადობასა და მუქარაში, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული მომღერალი საპატიმროს დატოვებს.
ინფორმაცია ტაბულას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.
ქალზე ძალადობის ბრალდებით მომღერალი კაბუ გუშინ, 27 ნოემბერს დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, კაბუს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.