თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები, ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი, დააკავეს.
სავარაუდო დაკავებამდე ალბი კორძაიას Facebook-ზე პირდაპირ ეთერში იყო. ვიდეოში ჩანს, რომ ისინი სასამართლოს წინ მდებარე ერთ-ერთ ობიექტში ყავას ყიდულობდნენ. პოლიცია მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა.
„რას ჰქვია ტერიტორია დავტოვო? მე მოვედი აქ ყავის დასალევად… მოქალაქე ვარ და სადაც მინდა, იქ დავლევ ყავას… თქვენ თავი მართლა რუსეთში ხომ არ გგონიათ… თქვენ ხართ რუსეთში, ბიძინა არის რუსი… თქვენ ხართ რუსები, ქართველები არ ხართ“, – მიმართავს პოლიციელებს ალბი კორძაია, რის შემდეგაც მას და სალომე კენჭიაშვილს აკავებენ.
ნეტგაზეთი დამატებითი დეტალების გარკვევს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს, 22 მაისს, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პროცესი იმართება, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. პოლიციამ სასამართლოს ჭიშკარი ჩაკეტა და ჯაფარიძის მხარდასაჭერად მისული ხალხი სასამართლოს ეზოშიც არ შეუშვა.
