პროევროპული, უწყვეტი დემონსტრაციების მონაწილე, 76 წლის გიორგი ვაჩაძე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო „გზის გადაკეტვის“ გამო, თუმცა სასჯელის ზომად სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გიორგი ვაჩაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „[პროცესზე] ვთქვი, თქვენ მედავებით ერთ დღეზე და სინამდვილეში იქ ვარ 328 დღეა-მეთქი“.
„პოლიციის წარმომადგენელმა ჩამითვალა, რომ არ ინანიებსო, მოსამართლემ კი პირიქით, გულწრფელად თქვაო, არ დამალა არაფერიო“, – თქვა მან.
„რა მაქვს დასამალი? მაგრამ დღეის იქეთ ვერ ვიქნები ისეთი, როგორც გუშინ ვიყავი“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
„ტროტუარზე ვიდგები და შევიკავებ თავს [გზაზე გადასვლისგან]… რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტი გავალ. რასაც ვაპროტესტებ, გამოსწორდა რამე?!“ – განაცხადა მან.
დღესვე სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა კიდევ ერთ დემონსტრანტს, ირაკლი წულაიას.
8-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ასევე აკაკი ველთაურსაც. 6 დღე – ლიზა უბილავას.
სასამართლომ ასევე სამართალდამრღვევად ცნო აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის აზა (მადლენა) ჩილაჩავა, აქციაზე პირბადით ყოფნის გამო. მასაც სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე განიხილა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო სამ დღეში, მას შემდეგ, რაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ახალი კანონი ამოქმედდა, პოლიციამ 65 ადამიანი დააკავა, მათგან 40-ზე მეტი უკვე სამართალდამრღვევად ცნეს.
წინა კვირაში ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებით, აქციაზე სახის დაფარვა და გზის ხელოვნურად გადაკეტვა უალტერნატივოდ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.
ამ სამართალდარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლის დანაშაულია და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან.
გასულ კვირაში სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.
დააკავეს ჟურნალისტები ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი და ლევან ჯობავა.
ფორუმი
