სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ კიდევ 5 პირს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ კიდევ 5 პირს – ექა მაჭავარიანს, ვახო ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, სერგო მეგრელიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის პატიმრობა შეფარდება მოითხოვა, მიზეზად – მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე დაასახელა.
ბრალდებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.
პროკურორის თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 6 ოქტომბერს დაკავებული 13 პირის საქმე – გაერთიანებულად განიხილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ – გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენსტა და ალექსანდრე გოგოლაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილსა და დავით სტურუას.