სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი ადამიანი, რომლებმაც 11 000 000 ლარზე მეტი თანხა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებულ კომპანიებს უკანონოდ გადმოარიცხინეს.
პროკურატურის მტკიცებით, დანაშაული 2021-2022 წლებში მოხდა. ბრალდებულებმა თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ყალბი ინვოისების საფუძველზე, ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად დაზარალებულებს თანხა ჩაარიცხინეს, შეიძინეს ავტომანქანები და სხვადასხვა ადამიანზე გაასხვისეს.
“პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021-2022 წლებში, ბრალდებულებმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ყალბი ინვოისების საფუძველზე, ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად დაზარალებულებს ჯამში 11 000 000 ლარზე მეტი თანხა გადმოარიცხინეს. აღნიშნულის შემდეგ, ნაცვლად არაბული კომპანიების მიერ შეკვეთილი ავტომანქანებისა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს მათთვის სასურველი მოდელის ავტომანქანები, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაასხვისეს. ამ გზით ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავალს კანონიერი სახე მისცეს” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყების ცნობით, სასჯელის სახით თითოეულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.