სასამართლომ არ დააკმაყოფილა გახარია საქართველოსთვის მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე. ინფორმაციას გახარიას პარტია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურა “ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას”.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს.
“როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, ხოლო პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას.
ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს, რაც აზრს უკარგავს ნებისმიერ ობიექტურ გამოძიებას, ნამდვილი სიების გამოქვეყნებას, რაც თავის მხრივ სისხლის სამართლის დანაშაულია.
როგორც თავიდანვე ვამბობდით, ვერიფიკაციის აპარატები და მათში არსებული ინფორმაცია შესაძლოა იყოს გაყალბების მთავარი მტკიცებულება. ამიტომ ცდილობს პროკურატურა კონტროლის აღებას ყალბი გამოძიების ფარგლებში და ფაქტობრივად მძევლად აჰყავს როგორც მტკიცებულებები, ისე სიმართლის დადგენის მთლიანი პროცესი”- ნათქვამია განცხადებაში.