სასამართლომ შსს-ს გავრილოვის ღამეს დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 19-20 ივნისის, ანუ გავრილოვის ღამის დარბევის დროს ერთ-ერთი დაზარალებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 50 000 ლარის, ხოლო შრომისუნარიანობის შემცირების გამო, სიცოცხლის ბოლომდე, ყოველთვიური სარჩოს სახით 1 440 ლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას საია ავრცელებს, რომელიც დაზარალებულის უფლებებს იცავდა.
“საია სასამართლოში იცავდა 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე დარბევის შედეგად დაზარალებული პირის ინტერესებს. მოსარჩელე, რომელიც აქციაზე პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა, აქციის მიმდინარეობისას ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი აქციის ერთ-ერთი მონაწილის დახმარებას შეეცადა, რა დროსაც მას მარჯვენა თვალის არეში რეზინის ტყვია მოხვდა.
მხედველობის ნაწილობრივ დაკარგვის გამო, მოსარჩელეს არაერთი სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. სამართალდამცველების მხრიდან ძალადობით და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებშიც მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ დაზიანების გამო, მოსარჩელეს საერთო შრომისუნარიანობა 15 %-დან 25%-მდე შეუმცირდა.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საქმის შინაარსის გათვალისწინებით, დროულად დასრულდება სამართალწარმოება და მოსარჩელე უახლოს მომავალში შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას. გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში შესული არ არის”. – წერია საიას განცხადებაში.
საიას განცხადებით, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება საქმის 4-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო.
2019 წლის ივნისში დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა საქართველოს პარლამენტში ს დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენასა და მის პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე დაჯდომას. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მოიწვიეს, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი. ასამბლეაზე ქართულ მხარეს ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი წარმოადგენდა. სწორედ მან მოიწვია საქართველოში გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, რომლებიც ქალაქში სახელმწიფო დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ.
19 ივნისს ჩატარებულ სხდომას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე და დღევანდელი პრემიერმინისტრი და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. პოლიციამ და სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე, ძალადობრივი გზით დაშალა მომიტინგეები. კლინიკებში გადაიყვანეს 240 პირი.
საპროტესტო აქციების დარბევის დროს ორმა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა, დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
2024 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას გავრილოვის ღამის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.