დღეს, 20 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ [სტრასბურგის სასამართლო] გამოაცხადა გადაწყვეტილება აქტივისტ ლექსო მაჭავარიანის საქმეზე. ინფორმაციას მაჭავარიანის ინტერესების დამცველ ორგანიზაცია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი ნაწილის დარღვევა, რაც თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას უკავშირდება. უფრო ზუსტად, ამ მუხლის 1-ელ ნაწილში ვკითხულობთ: ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, კანონით დადგენილი პროცედურების გარდა.
“ლექსო მაჭავარიანი 2020 წელს აქციაზე დააკავეს და იგი ადმინისტრაციულ დაკავებაში 22 საათის მანძილზე ჰყავდათ, საბოლოოდ კი ჯარიმის სახით 1000 ლარი დააკისრეს. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილობრივ სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული იყო ლექსო მაჭავარიანის დაკავება. სასამართლოს განმარტებით, 48 საათიანი დაკავების ფორმალური ლიმიტის დაცვა დაკავებას ავტომატურად კანონიერს ვერ გახდის. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ითვალისწინებს დაკავების შესაძლებლობას და შესაბამისად, არსებობს ფორმალური, საკანონმდებლო საფუძველი, ეს არ ათავისუფლებს სასამართლოებს ვალდებულებისგან შეაფასონ, იყო თუ არა ეს დაკავება აუცილებელი და პროპორციული ქმედება ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ მოსარჩელესთან მიმართებით”, – წერია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში.
ადგილობრივ სასამართლოებში, ადამინისტრაციული დაკავების შემდეგ მოსამართლე მხოლოდ პირის სავარაუდო სამართალდარღვევაზე მსჯელობს და არა მისი დაკავების კანონიერებაზე. საქართველოში დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მოსამართლეები აცხადებენ, რომ დაკავების კანონიერება ცალკე საქმეა და ამ საკითხზე იმსჯელებს სხვა მოსამართლე იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული პირი მისი დაკავების კანონიერებას გაასაჩივრებს.
სტრასბურგს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ მოსამართლემ უნდა იმსჯელოს არა მხოლოდ იმაზე, ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა კონკრეტულმა პირმა, არამედ იმაზეც, კანონიერი იყო თუ არა მისი დაკავება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, ამავე სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია საჩივარი მე-10 და მე-11 მუხლების ნაწილში, რომლებიც გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას გულისხმობს. ასევე, არ დააკმაყოფილა საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის ნაწილში, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას გულისხმობს.
