გუშინ, 25 მარტს, აშშ-ში სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წარსადგენი $464-მილიონიანი გარანტიის ვადა 10 დღით გაუხანგრძლივა და ამასთანავე რაოდენობა $175 მილიონამდე შეუმცირა.
ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 454.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა ფორმალურად 23 თებერვალს დააკისრა, თუმცა, მოგვიანებით ტრამპმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ტრამპის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე არტურ ენგორონის მიერ 16 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით მიმართეს. ამასთანავე, ადვოკატები მოსამართლის იმაში დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ $464-მილიონიანი გარანტიის წარდგენა “შეუძლებელი” იყო.
თუკი ტრამპი ახალ ვადაში გარანტიის თანხას წარადგენს, მისი აქტივები ხელუხლებელი დარჩება მანამ, სანამ სასამართლოში სააპელაციო პროცესი დასრულდება.
გადავადებასთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, რომ იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მისი თქმით, “ჩვენ გადაწყვეტილების შესრულებას შევძლებთ… და ან გარანტიის თანხას, ამ ღირებულების ფასიან ქაღალდებს, ან ფულად თანხას წარვადგენთ”.
ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ თაღლითობის საქმეში 16 თებერვალს ცნო.
როგორც მოსამართლე არტურ ენგორონმა დაადგინა, ტრამპი საოჯახო ბიზნესის წმინდა ღირებულების ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 3.6 მილიარდი დოლარით ზრდიდა, რამაც მას საშუალება მისცა, ესარგებლა უფრო ხელსაყრელი სასესხო პირობებით.
სასამართლომ ტრამპს ასევე სამი წლის ვადით აუკრძალა, იყოს ნიუ-იორკის რომელიმე კომპანიის თანამშრომელი ან დირექტორი. ამავე პერიოდის განმავლობაში, ტრამპს და მის კომპანიებს ეკრძალებათ ნიუ-იორკში ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისგან სესხის აღება.
გარდა ამისა, სასამართლომ ტრამპის შვილებს, დონალდ უმცროსს და ერიკს 4 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. მათ 2 წლით ასევე აეკრძალათ ნიუ-იორკის კომპანიების მართვა.