მანამდე, ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერდა, რომ ჯიოშვილი სასამართლოში ისე მიიყვანეს, რომ მისი ინტერესების დამცველებისათვის არ შეუტყობინებიანთ, სასამართლოში გადაყვანის შემდეგ კი ჯიოშვილმა თავად მოითხოვა ადვოკატი, მიგინეიშვილის მისვლის შემდეგ კი პროცესი დაიწყო.
პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლოში ტელეკომპანია „პირველს“ უთხრა, რომ „ადვოკატი ინფორმირებული იყო, რომ ბატონი ლაშა დაკავებული იყო და შესაბამისად, შეეძლო დროულად უზრუნველეყო მონაწილეობის მიღებაზე“.
ლაშა ჯიოშვილი 18 თებერვალს დააკავეს.
18 თებერვალს, – ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, – ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე. დაკავებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, ლაშა ჯიოშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა:
„ის, რაც დღეს ხდება, არის საშინელება, შეუძლიათ, ამ ბანერის გამო აქ დამაკავონ არჩადენილ დანაშაულზე“.
მას აქციაზე მიტანილი ჰქონდა ბანერი წარწერით: „დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე“.
ადვოკატის ინფორმაციით, გამოვლინდა არაერთი პროცედურული დარღვევა შსს-ის მხრიდან:
· „უფლებები არ გააცნეს;
· სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა, რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ;
· არ დაარეკინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან;
· მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა“.
თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში, რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა.
„დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა“, – განაცხადა ადვოკატმა 19 თებერვალს.
