სასამართლომ სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2500 ლარით დააჯარიმა

დღეს, 7 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2500 ლარით დააჯარიმა.
მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, – განაცხადა მან სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას.
ქადაგიძის სიტყვა
გიორგი ქადაგიძე სხდომის მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა, რატომ სურს მას საქართველოს დასავლური სამყაროს სრულფასოვად წევრად ხილვა. მათ შორის, ხაზი გაუსვა სამართლიანი სასამართლოს უფლებას:
„ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, რომ ამერიკის ვიზა არ იყოს აღქმული დღესასწაული, რომ ადამიანს შეეძლოს გაქცევა. რომ ყველა ოჯახში არ იყოს ემიგრანტი. ამისთვის მთავარი კი არის თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო“.
„ამ პროტესტის ერთ-ერთი სლოგანი არის „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“. No Justice No peace. სამართლიანობა არის მშვიდობის პრერეკვიზიტი. თუ ადამიანმა ვერ იპოვა სამართალი, გაიმარჯვებს ავტოკრატია და არ იქნება მშვიდობა, რაოდენ რეპრესიული პოლიტიკაც არ უნდა გატარდეს“, – განაცხადა მან.
„მინდა ამ ქვეყანაში მოსამართლეს დარბაზში ვერავინ გაუბედოს ცრუ მოწმეების მოყვანა და ისეთი ჩვენებების მიცემა, რაც აქ ვიხილეთ“, – თქვა ქადაგიძემ.
„მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, სინდისის სასამართლოს წინაშე მე მართალი ვარ, ისე როგორც ყველა სხვა, 60-მდე პოლიტპატიმარი, რომელიც სინდიდისისთვის, თავისი სიმართლისთივს იხდის სასჯელს“, – განაცხადა მან.
რა თქვეს სასამართლოზე
გიორგი ქადაგიძე 2 თებერვალს თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ სანაპიროზე თბილისი მოლიდან რუსთაველისკენ მიმავალ მსვლელობაზე დააკავეს. მას შემდეგ პატიმრობაშია.
მსვლელობას „თბილისი მოლიდან“ მთელი გზის განმავლობაში პოლიციელთან მრავალრიცხოვანი ჯაჭვი მიჰყვებოდა.
„მსვლელობის მონაწილეებს გამოეყოთ ზოლი, სადაც უნდა ემოძრავათ და ამ მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას გიორგი (ქადაგიძე). ისინი გაცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს და დაიწყეს შეურაცხყოფა. ჩვენს კადრებში ჩანს, როგორ არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს და რა უწმაწური სიტყვებით იგინებიან”, – თქვა სასამართლოზე -ის იურისტმა.
გიორგი ქადაგიძის ადვოკატები სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტას ითხოვენ, რადგან მიაჩნდათ, რომ საქმეში არათუ მტკიცებულებები არაა, არამედ ის ქმედებაც კი არ იყო, რასაც ედავებოდნენ. იგივე თქვა გიორგი ქადაგიძემაც.
„არც ერთ ვიდეოში არ იარსებებს ფაქტი, როცა მე ვიღაცას შეურაცხოფა მივაყენე, რადგან არ მიმიყენებია. უბრალოდ ცინიკურია, როცა შსს-ს წარმომადგენელი ურთავს მტკიცებულებად დისკს და ამტკიცებს, რომ მე ვარღვევ კანონს. საჩვენო მტკიცებულება აქვს გამოყენებული ცინიზმის ხარისხზე მინდა გავაკეთო აქცენტი“, – განაცხადა ქადაგიძემ.
ის ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან მოწოდება არაფერზე ყოფილა, რადგან არც საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მდგარა და არც უწმაწური სიტყვები გამოუყენებია.
საქმეში არ დევს სამხრე კამერების ჩანაწერი.
„როცა მისი დაკავება გადაწყდა, პატრულმა ჩართო კამერა, მაგრამ არ ჩაირთო“, – თქვა შსს-ს წარმომადგენლებმა.
გიორგი ქადაგიძის ადვოკატმა თქვა, რომ შსს-ს მოწმე პოლიციელები ცრუ მოწმეები არიან და ამ პრაქტიკას სასამართლო ახალისებს.
„როგორც წესი სხვები აკავებენ და ოქმს სხვები აფორმებენ, ეს სამარცხვინო და სააშინელი პრაქტიკაა, რომელზეც თვალს ხუჭავს სასამართლო. ამ პრაქტიკამ გამოჟონა ოქმებში. პოლიციელი იმას კი არ წერს დავაკავეო, წერენ “დაკავდაო”. ეს ოქმები იქცა ამობეჭდილ ჩეკის ქაღალდებად, სადაც ქმედების შემადგენლობაც არ წერია“, – თქვა იურისტმა.
კითხვაზე, რა უწმაწურ სიტყვას იყენებდა გიორგი ქადაგიძე, მოწმე პოლიციელმა უპასუხა: „ძირს პოლიციური რეჟიმი, ძირს დიქტატურა ყოფილა“.
პროცესზე დაცვის მხარემაც გამოიძახა მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს გიორგი ქადაგიძის ნათქვამი, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და არც პოლიციასთან ჰქონია შეხება, მსვლელობის არც ერთ ეტაპზე.
შემაჯამებელ სიტყვაში, შსს-ს წარმომადგენელმა თავად დაადასტურა, რომ მათ მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებში არ ჩანს ქადაგიძის არც უწმაწური სიტყვები და არც წინააღმდეგობა, თუმცა ამავე დროს თქვა, რომ ეს ვიდეოები, აქციაზე რომ წვრილმან ხულიგნობას რომ ჰქონდა ადგილი, ამას ადასტურებს.
ამასთან, შსს-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ სამინისტროს ვიდეოკადრებში მხოლოდ დაკავების უშუალო მომენტია ასახული. ქადაგიძის ადვოკატმა საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა:
„მოწინააღმდეგის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გიორგი ქადაგიძის სიმართლე. ამას გარდა საქმეშია ოქმებს შორის წინააღმდეგობა. ჯერ ოქმში მხოლოდ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, ორ დღეში 166 მუხლი წვრილმანი ხულიგნობა დაუმატეს”, – თქვა ადვოკატმა შოთა კახიძემ.
ის დარწმუნებულია, რომ სამხრე კამერები არსებობს, მაგრამ შსს-მ მიზანმიმართულად არ წარმოადგინა, რადგან იქ ჩანს ქადაგიძის უდანაშაულობა.
ფორუმი