თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე აქტივისტები მარიამ გეგუჩაძე და გიგია მაქარაშვილი, ასევე ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი სამართალდამრღვევად ცნო.
სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით მარიამ გეგუჩაძესა და დეა მამისეიშვილის 3000-3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო გიგა მაქარაშვილის 4000 -ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ასევე, სასამართლომ ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე 4 000 ლარით დააჯარიმა.
ინფორმაციისათვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის 2025 წლის 6 ივნისს წარმოდგენილი განცხადება/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 (16) მუხლის საფუძველზე. აღნიშნული კი გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით.
შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული საქმის მასალები დღეს, 11 ივნისს წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
